მაკედონიაში, დედაქალაქ სკოპიეში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის წინააღმდეგ ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მაკედონიის სამსახური ავრცელებს.
დემონსტრანტებმა მთავრობისგან საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, ბულგარეთთან კი, კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს.
საპროტესტო აქცია სკოპიეში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაიწყო. მოგვიანებით მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის მთავრობა და მთავარი ოპოზიციური პარტია VMRO-DPMNE მაკედონიის ნაციონალური ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს.
თებერვლის დასაწყისში მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაკედონია მზად არის, საბერძნეთთან დავის დასარეგულირებლად ქვეყნის სახელწოდებას გეოგრაფიული დაზუსტება დაამატოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ახალ სახელწოდებად რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი მაკედონია და ზემო მაკედონია
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია დავის საგანია. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.