მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის წინააღმდეგ გამოდიან. სკოპიეში გამართულ აქციას 50 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდა. ისინი მაკედონიის სახელწოდების შეცვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
მანამდე, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიაღწია „პრინციპულ შეთანხმებას“ საბერძნეთის ხელისუფლებასთან და ამიტომ, მაკედონიის სახელწოდების ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო გამოკითხვის ჩატარებაა საჭირო.
მაკედონიის ახალი სახელწოდების რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ესენია: გორნა (ზემო) მაკედონია, სევერნა (ჩრდილოეთ) მაკედონია. მაკედონია-სკოპიე და ილინდენის მაკედონია.
მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით დავა 1991 წლიდან გრძელდება. საქმე იმაშია, რომ მეზობელ საბერძნეთში არსებობს პროვინცია, რომელსაც ასევე მაკედონია ჰქვია. ათენში შიშობენ, რომ თუ მაკედონიის სახელწოდება უცვლელი იქნება, მაშინ დროთა განმავლობაში, სკოპიე ბერძნულ პროვინციაზე პრეტენზიას გამოთქვამს. ამ დავის გამო, მაკედონიას არც ნატო-ში და არც ევროკავშირში იღებენ.