მაკა ბოჭორიშვილი - არ ვიცი, მეთიუ მილერი რამდენად კარგად იცნობს „ფარას,“ მაგრამ მოსახლეობამ მასში არაერთხელ იხილა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელისუფლებას
მაკა ბოჭორიშვილი - არ ვიცი, მეთიუ მილერი რამდენად კარგად იცნობს „ფარას,“ მაგრამ მოსახლეობამ მასში არაერთხელ იხილა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელისუფლებას

არ ვიცი, მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად „ფარას“, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველომ ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული „ფარა“ და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს: „ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის“.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სიმართლე არ არის, რომ „ფარაში“ დარეგისტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები.

„იმაზე აპელირება, რომ „ფარაში“ დარეგისტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები, სიმართლე არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი „ფარას“ რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი? თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რა არის „ფარა“. ყველას შეუძლია, შევიდეს და ნახოს, ვინ არის და რა არის დარეგისტრირებული „ფარაში“ და რამდენია დარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი.

ძალიან ხშირად გვესმის და ძირითადი აპელირება ხდება სწორედ ევროატლანტიკური კურსის დაზიანებაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ეს განცხადებებია ზუსტად, რაც ქმნის საქართველოში აღშფოთების მუხტს. თუმცა, არცერთი არგუმენტი ამ დრომდე არავის არ უთქვამს, გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, საერთოდ, დემოკრატიასთან და ევროპულ ფასეულობებთან. ამის არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ შეიძლება, შეუშალოს გამჭვირვალობამ ხელი ამ პროცესს. მსგავსი განცხადებები ბადებს ეჭვს, რომ გამიზნულია ერთადერთი რამისთვის, საქართველოში შექმნას საპროტესტო მუხტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მმართველი გუნდის დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა: „FARA-ს რეესტრში შეყვანილია „გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“, ისინი, 12 წელია, აღარ არიან „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“, სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს“.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ იხილა „ფარაში“ მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სრულიადაც არ წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლებას და არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ბადებს კითხვებს, თუ რისთვისაა მსგავსი განცხადებები განკუთვნილი.

„ამგვარი არასწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისადმი ვითომცდა იმისთვის, რომ აჩვენო განსხვავება ქართულ კანონსა და ამერიკულ კანონს შორის და ამ განსხვავებისთვის იყენებ არასწორ ინფორმაციას, ნამდვილად ბადებს კითხვებს, რისთვისაა მსგავსი განცხადებები განკუთვნილი. ვხედავთ, რა ხდება დღეს ქართულ საზოგადოებაში, რამდენი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რაც ქმნის ზუსტად საპროტესტო მუხტს და დესტაბილიზაციის საშიშროებას. მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.