მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან“ ბოდიშის მოხდას და კვლევაში დაშვებული შეცდომის აღიარებას ითხოვს
მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან“ ბოდიშის მოხდას და კვლევაში დაშვებული შეცდომის აღიარებას ითხოვს

მაკა ასათიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“ ბოდიშის მოხდას და კვლევაში დაშვებული შეცდომის აღიარებას ითხოვს.

საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.

მაკა ასათიანის შეფასებით, მისთვის მომხდარი საკმაოდ სამწუხარო ფაქტია.

„ვთვლი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მართლა საჭიროა და ჩემთვის პატივსაცემი ორგანიზაციაა. მაგრამ სასამართლოსთან დაკავშირებით კვლევაში მათ გამოაქვეყნეს დასკვნა ჩემი ოჯახის 10 წლიან სასამართლო დავასთან დაკავშირებით. დაუშვეს დიდი შეცდომა. უშეცდომო არავინ ვართ, მაგრამ შეცდომას გამოსწორება სჭირდება.

არ მოველოდი, რომ ჩვენი საქმე ამ კვლევაში აღმოჩნდებოდა. ეს ფაქტობრივად ბრალდებაა ჩემ მიმართ, რომ მონაწილე ვარ კორუფციულ გარიგებებში. ორგანიზაციისგან არ მოვითხოვ, ალბათ უფრო ვითხოვ, რომ ეს შეცდომა გამოასწორონ, უარყონ ინფორმაცია. ბოდიშს ნუ მოიხდიან, არაუშავს. ჩვენ არასოდეს საზოგადოება არ შეგვიწუხებია, რადგან ეს მაინც გამოიყურება როგორც ბიზნესდავა. სინამდვილეში, ჩვენთვის ეს ბიზნესდავა არ არის. ეს არის მამაჩემის ღირსებისა და სახელის აღდგენაზე დავა, რომელიც 10 წელია მიმდინარეობს“, -განაცხადა მაკა ასათიანმა საგანგებო ბრიფინგზე.

მაკა ასათიანის თქმით, „იმ შემთხვევაში თუ ორი დღის ვადაში არ იქნება ნება და გადადგმული ნაბიჯები, გამოსწორებულ იქნას „შეცდომა“, უფლებას ვიტოვებ, რომ არა მარტო დავიწყო სასამართლო დავა თქვენს მიმართ, არამედ იმ ქვეყნების საელჩოებს, რომელთა დაფუძნებული და დაფინანსებულია თქვენი ორგანიზაცია, დასაბუთებულად დავუდასტუროთ ფაქტი, არაობიექტურობის, მიკერძოების, კერძო ბიზნესში ჩარევის და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის შესახებ“.

„მაქვს დიდი თხოვნა, ორი დღის ვადაში მოუსმინოთ ჩვენს მხარესაც, საფუძვლიანად შეისწავლოთ საქმის მასალები, რითიც ვიმედოვნებ, აღდგება ობიექტურობა ჩემი ოჯახის ბიზნესის მიმართ და არ მიადგება ჩრდილი თქვენი ორგანიზაციის ავტორიტეტს. როგორც მთელი 10 წლიანი სასამართლო დავის პერიოდში, არც ერთ ეტაპზე ჩემი მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე ფორმით სასამართლოზე მომეხდინა ზეწოლა და მოთმინებით ველოდები ამ გაუთავებელი პროცესის დასრულებას, რომელიც 27 ივლისს უნდა მოხდეს. მოვუწოდებ ყველა მხარეს და მესამე პირებსაც, კატეგორიულად შეიკავონ თავი სასამართლოზე ზეწოლისგან, ხოლო თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ან ექნება ადგილი, გამოასწორონ და უარყონ“,- განაცხადა მაკა ასათიანმა.