ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი შეხვდებიან
ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატალეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამომავალო შეხვედრის დეტალები განიხილეს.
„გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს, მაიკ პომპეომ თქვა, რომ მისი გრაფიკი დატვირთულია და ის ფიზიკურად ვერ შემხვდება სამიტამდე. შევთანხმდით, რომ ვიპოვით შესაბამის დღეებს და ადგილს, რომ ჰელსინკიში ჩვენ პრეზიდენტების მოლაპარაკებების შემდეგ შევხვდეთ. ამ დროს ჩვენ განვიხილავთ იმ ამოცანების რეალიზაციის გზებს, რომლებსაც, იმედია ჩვენი ქვეყნების ლიდერები ფინეთში სამიტზე დასახავენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 16 ივლისს შეხვდებიან. უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთოებს, ასევე სირიისა და უკრაინის საკითხს შეეხება.