ჰელსინკიში საბჭოთა კავშირის მიერ ნაჩუქარი მონუმენტი „მშვიდობა მთელ მსოფლიოში“ დაშალეს
ჰელსინკიში საბჭოთა კავშირის მიერ ნაჩუქარი მონუმენტი „მშვიდობა მთელ მსოფლიოში“ დაშალეს

ჰელსინკიში საბჭოთა კავშირის მიერ ნაჩუქარი მონუმენტი „მშვიდობა მთელ მსოფლიოში“ დაშალეს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ძეგლი, რომელიც ჰაკანიმენრანტას ქუჩაზე იყო განთავსებული, დილით კვარცხლბეკიდან ჩამოიღეს, ბარჟაზე დატვირთეს და ქალაქის ხელოვნების მუზეუმის საწყობში გაგზავნეს.

როგორც მაუწყებელი წერს, ძეგლის ბედს მოგვიანებით მუზეუმის ხელმძღვანელობა და ჰელსინკის მერია გადაწყვეტენ. ქალაქის ხელისუფლებამ ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება ქუჩასა და მიმდებარე მოედანზე მოძრაობის რეორგანიზაციით ახსნა. მის ადგილას ტროტუარის მოწყობა იგეგმება.

6,5 მეტრი სიმაღლის ბრინჯაოს კომპოზიციაზე „მშვიდობა მთელ მსოფლიოში“, რომლის ავტორი საბჭოთა მოქანდაკე ოლეგ კირიუხინია, გამოსახული არიან ადამიანები სხვადასხვა კონტინენტიდან, რომლებსაც მაღლა აღმართულ ხელებში გლობუსი უჭირავთ. მოსკოვმა ჰელსინკის ძეგლი 1989 წელს აჩუქა და მისი გახსნა 1990 წლის იანვარში შედგა, ბერლინის კედლის დანგრევიდან მალევე.