მაია თოდუა - ახალი გადაწყვეტილებით აბასთუმნის ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებთან მომავალი პესპექტივები და განვითარების გეგმები განიხილა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დისკუსიის რეჟიმში თანამშრომლებმა მინისტრის მოადგილესთან ერთად იმ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს, რომელიც ობსერვატორიას გააჩნია.
გიორგი ვაშაკიძის თქმით, ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად არსებობა როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა რესურსის თვალსაზრისით მის გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის უკეთესად მოწყობა და მისი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა. მოხდება იმ მოწყობილობების განახლება, რაც უფრო წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
ობსერვატორიის თანამშრომლების თქმით, გადაწყვეტილება სამართლიანი და დროული იყო. ამიტომ, გამოხატეს სრული მზაობა, სამინისტროს მხარდაჭერით, მაქსიმალურად ჩაერთონ ყველა პროცესში, ერთობლივად იზრუნონ არსებულ გამოწვევებზე და განახორციელონ პრიორიტეტული პროექტები.
„აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს.
როგორც გიორგი ვაშაკიძემ ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, ობსერვატორია ჩამოყალიბდება სსიპ-ად, რაც ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას, ავტონომიასა და შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მხრიდან უნიკალური ობსერვატორიის მიმართ დიდი მხარდაჭერა და ყურადღება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საქართველოში ერთადერთ და რეგიონში არსებული სულ რამდენიმე ობსერვატორიიდან ერთ-ერთ უნიკალურ – აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ.