განათლების სამინისტროში აბასთუმნის ობსერვატორიის პერსპექტივები განიხილეს
განათლების სამინისტროში აბასთუმნის ობსერვატორიის პერსპექტივები განიხილეს

განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აბასთუმნის ობსერვატორიის მომავალი პერსპექტივები და განვითარების გეგმები განიხილეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებს შეხვდა.

დისკუსიის რეჟიმში თანამშრომლებმა მინისტრის მოადგილესთან ერთად იმსჯელეს იმ საჭიროებებზე, რომლებიც ობსერვატორიას გააჩნია, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები.

გიორგი ვაშაკიძის თქმით, ცალკე სსიპად ობსერვატორიის არსებობა მის გაძლიერებას გულისხმობს, როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა რესურსის საშუალებით. განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის უკეთესად მოწყობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

მოხდება იმ მოწყობილობების განახლება, რაც აუცილებელია უფრო წარმატებით ფუნქციონირებისთვის. ობსერვატორიის თანამშრომლების თქმით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანი და დროული იყო. მათ გამოხატეს სრული მზაობა, სამინისტროს მხარდაჭერით, მაქსიმალურად ჩაერთონ ყველა პროცესში, ერთობლივად იზრუნონ არსებულ გამოწვევებზე, განახორციელონ პრიორიტეტული პროექტები.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ 30 სექტემბერს ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 24 ნოემბრიდან გამოეყოფა და განათლების სამინისტროს ცალკე სსიპად ჩამოყალიბდება.