მაია ნიკოლეიშვილი - ტანსაცმელს, რომელიც შავი, მწვანე ან ლურჯია, წითლად ხომ არ აღვწერ
მაია ნიკოლეიშვილი - ტანსაცმელს, რომელიც შავი, მწვანე ან ლურჯია, წითლად ხომ არ აღვწერ

ძალიან ბავშვურია ფრაზა, რომელიც პროკურატურისგან მოვისმინე, რომ ჩემი დასკვნის ძირითადი ნაწილი მათ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნის საფუძველზეა მომზადებული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა აღვწერ ტანსაცმელს, რომელიც დავუშავთ, შავი, მწვანე, ან ლურჯია, წითლად ხომ არ აღვწერ?! ბუნებრივია, ის დასკვნა ჩემი დასკვნის აღწერილობით ნაწილში შემომაქვს და როდესაც ტანსაცმლის ფერი, წარწერა და ყველაფერი ემთხვევა, ამას გადმოვიტან, აბა, ახალს რას მოვიგონებთ?! ეს პირდაპირ არის გადმოტანილი და გვიწერია კიდეც, რომ ამას თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით. ძალიან ხშირად ხდება, რომ დასკვნაში ხუთი შედეგიდან ოთხს ვეთანხმებით, მეხუთეს კი არა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარია, ექსპერიმენტი ჩატარდეს, რადგან მის დასკვნაში რაღაც დაზიანებები კატეგორიულად გამორიცხულია, მაგრამ იმას, თუ რატომ გამოირიცხა, კონკრეტული მიზეზი აქვს.

„სამწუხაროდ, ამაზე ვერ ვისაუბრებ, თორემ საუბარი რომ შეიძლებოდეს, ეს უფრო თვალსაჩინო იქნებოდა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დასკვნა კატეგორიული იმ ნაწილში, რომ გარდა საქმეში მტკიცებულებად არსებული მკვლელობის იარაღებისა, შესაძლოა, სხვა იარაღიც ფიგურირებდეს, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ ამ ნაწილში დასკვნა ნამდვილად კატეგორიულია, რომ სხვა იარაღი ფიგურირებს.

„დასტურდება, რომ იგივე დანები ნამდვილად არის, ოღონდ, მათ შორის ვარიაციები კიდევ შეიძლება იყოს, მაგრამ ამას დღეს კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რადგან ეს სავარაუდოა, რადგან ობიექტური მიზეზების გამო, ექსპერიმენტი არ ჩატარდა. ალბათ, ყველაზე გონივრული იქნებოდა, ეს ყველაფერი გამოძიების ეტაპზე ჩატარებულიყო“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.