მაია ნიკოლეიშვილი - დღევანდელი კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, თორემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოძიებაში თავიდანაა დასაბრუნებელი
მაია ნიკოლეიშვილი - დღევანდელი კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, თორემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოძიებაში თავიდანაა დასაბრუნებელი

დღევანდელი საპროცესო კანონმდებლობა საქმის გამოძიებაში დაბრუნებას არ იცნობს, თორემ ძველი პროცესი რომ იყოს, ეს ტიპური საქმეა, რომელიც გამოძიებაში თავიდანაა დასაბრუნებელი, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამის არგუმენტირება გვაქვს. არის დაზიანებები, რომელზეც ვამბობთ, რომ ეს დანა არ არის, მაგრამ რა არის, ვერ გეუბნებით, რადგან ამას გამოძიება, კვლევა და ათასი რაღაც სჭირდება. იქ სხვადასხვა სპექტრის კვლევებია საჭირო, რასაც ჩვენ ვერ ჩავატარებდით“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტმა გადაცემაში სტუმრად მყოფ ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატს, ხათუნა მაღლაკელიძესაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მაია ნიკოლეიშვილმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეემოწმებინა კანის ნიმუშები, რომელიც სამხარაულის ექსპერტების მიერ იყო აღებული; მან მხოლოდ სასამართლო პროცესზე ნახა ფერადი ფოტო, რაზეც ჭრილობების მითითებით გარდაცვლილთა სხეულები იყო ასახული; არ ჩაუტარებიათ საგამოძიებო ექსპერიმენტი და მხოლოდ ტანსაცმლის კვლევის საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, გამოერიცხათ ის, რომ ლევანის სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში და დავითის სასიკვდილო ჭრილობა არტერიის არეში ამ დანებით კი არა, საერთოდ დანებითაა მიყენებული.

„შავ-თეთრი ფოტო ვნახე, მეორე შემთხვევაში კი, ფოტო არ არსებობს. იმ შემთხვევაზე, სადაც უფრო მეტი დაზიანებაა, არის სახეშეცვლილი დაზიანებები. ექსპერტიზა სახეშეცვლილზე ჩატარდა და ამ დროს ექიმების ჩანაწერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როცა სახეშეცვლილია და ფოტოში დაზიანებას ვერ ნახულობ, რადგან ეს ფოტო არ არსებობს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სამივე ფენის გამოკვლევა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტის თქმით, პირველი წინაღობა ტანსაცმელი იყო, რომელზეც დაზიანება აღწერილი არ იყო.

„ვნახეთ ტანსაცმლის დაზიანება, გასაგები გახდა და ჩვენი არგუმენტირებით ასეა. შესაძლოა, სხვა სპეციალისტმა სხვა არგუმენტაცია მოიყვანოს. ამ შემთხვევაში უფრო ფასეულია ტანსაცმელი, რომელიც შეუცვლელია და იგივე სახით არის, ვიდრე კანის ნიმუშები, რომელსაც შენახვის პირობები ცვლის. კანის ნიმუშები არ გამოვითხოვე, რადგან ვიცი, იმ სითხეში მოთავსებული ნიმუში რამდენად იცვლის ფორმას, ზომას და სტრუქტურას“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.