მაია მწარიაშვილი - ყველამ ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლების პირობებში ტოტალური მოსმენები იყო, მაგრამ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა, რამაც დანაშაული წაახალისა
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლების პირობებში ტოტალური მოსმენები იყო, მაგრამ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა, რამაც დანაშაული წაახალისა, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურის და შს სამინისტროს ხელთ მოხვდა და სხვადასხვა დანაშაულების გამოძიების პროცესში ვაწყდებოდით ხოლმე ფარულ ჩანაწერებს, მაგრამ ყველაზე მეტად, რასაც უნდა ეჩვენებინა სისტემურობა, თუ როგორ ორგანიზებულად მოქმედებდა სახელმწიფო, საკუთარი ორგანოების მეშვეობით უკანონოდ, ყველანაირი სანქციის გარეშე როგორ გვისმენდა და გვითვალთვალებდა თითოეულ მოქალაქეს, ყველაზე კარგად ჩანდა იმ საქმეში, როცა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საქმე გამივიძიეთ და პასუხისგებაში არაერთი პირი მივეცით. ჩანდა, როგორ იყო სტრუქტურიზებული თავდაცვის სამინისტროს ეს დანაყოფი, როგორ უსმენდნენ, იწერდნენ, აპლიუსებდნენ და ა.შ“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
ამ განცხადებით მაია მწარიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შეცდომა დაუშვა სახელმწიფომ და კონკრეტულად, პროკურატურამ ფარული ჩანაწერების შემთხვევაში.
მისი თქმით, მეორე ძალიან დიდი არქივი იყო ე.წ. კასრების საქმე, რომლის გამოძიება არ მოხდა.
„მაშინ, ამ კასრებში ათასობით ჩანაწერი ამოვიდა. ამ არქივიდან რაღაც განადგურდა და რაღაც არა. ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს საქმე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არ ყოფილა, მაგრამ ეს საქმე არასოდეს არ გამოიძიეს. ამ საქმეზე გამოძიება არც დაწყებულა. მხოლოდ ერთი დანაშაულის ეპიზოდი გამოიძიეს, მაგრამ ეს არ იყო ფარული ჩანაწერების საქმე. ჩვენ უნდა გამოგვეძიებინა, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს, მინისტრიდან როგორ მოდიოდა ქვევით, ქვევიდან ზევით და ამ ათასობით ჩანაწერს რამდენი ადამიანი აკეთებდა“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
როგორც მწარიაშვილმა აღნიშნა, ამ დანაშაულს სახელი არ დაერქვა და არ მოხდა იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ.
„ანუ, სისტემა შეინარჩუნეს და დღეს არავინ იცის, ეს ხალხი სად არის და რა საქმიანობას ეწევა. გარდა ამისა, ამით სახელმწიფომ პრეცედენტი დაუშვა და ეს საქმიანობა წაახალისა. როდესაც ჩვენ არ ვსჯით, სამართლებრივად პასუხისგებაში არ ვაძლევთ, ამით დანაშაულს ჩადენას ვახალისებთ“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხდა ამ საქმის გამოძიება, მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ამას ვერგამოძიებას ვერ დაარქმევს, რადგან საქმის გამოძიება უბრალოდ, არ დაიწყო.
მაია მწარიაშვილმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ყველაზე აღმაშფოთებელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა მორალური სახეა.
„მიაქციეთ ყურადღება ერთ ფრაზას, როცა ბატონი ღარიბაშვილი ბერას ეუბნება, მეორე ჯერზე ხომ არ ჩამოვუაროთ და დედა მოვუკითხოთო. ეს უდაოდ წახალისებაა. ჩვენ, საზოგადოებას არ გვაინტერესებს არასრულწლოვანი ბერა, ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
მისი თქმით, პროკურატურამ საქმე უნდა გამოიძიოს და გამოძიების შემდეგ გამოჩნდება, რა არის სამართლის საკითხი და რა მორალის საკითხი.
მისივე თქმით, ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს მოიცავს და პროკურატურამ ეს უნდა გამოიძიოს.
„აქ ჩანს ვიღაც-ვიღაცებზე გავრცელებული იძულება, მუქარა, ძალადობა. ამ ჩანაწერში ეს იკითხება და ზევიდან თუ დავუშვებთ იმას, რომ ესენი თანამდებობის პირებიც არიან, მაშინ თანამდებობრივი დანაშაულია, რომლის ხანდაზმულობაც ძალიან დიდია“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
შეკითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებული არ გამოჩნდება, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ რასაკვირველია, უნდა დაეწყო.
„რასაკვირველია, უნდა დაეწყო. დაზარალებული შემდგომი კვლევის საგანია და დაზარალებული თავად პროკურატურამ უნდა ნახოს“, – განაცხადა მწარიაშვილმა.