მაია მელიქიძე - თბილისში ელექტრომობილების დამუხტვა დაახლოებით 300 ადგილზე იქნება შესაძლებელი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ქალაქის თბილისის მერიასთან აქტიურად მუშაობს, რათა ქალაქში ელექტრომობილების დამუხტვა დაახლოებით 300 ადგილზე იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საქართველოში ახლად შექმნილი ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.
გადაცემის წამყვანი ელექტრომობილების დასატენი სადგურების მოწყობის საკითხითაც დაინტერესდა, რადგან დღეს სემეკ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სემეკი მიმდინარე წელს ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესების შემუშავებას აპირებს.
მელიქიძის განმარტებით, სემეკი საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას გეგმავს.
„ახლა ვიწყებთ ე.წ. თვინინგის ანუ დაძმობილების პროგრამას. ამ ნაწილში გავიზიარებთ საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, დავთვალეთ რამდენი ელექტრომობილია ქვეყანაში. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრია, რადგან ეს მანქანა დიდი ხნით გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ დამტენებთან დაკავშირებით მერიასთან აქტიურად ვსაუბრობთ. დახლოებით 300-მდე ლოკაცია უნდა იყოს, განსაკუთრებით პარკირების ადგილებში, სადაც დამონტაჟდება. გარდა ამისა, ქალაქგარეთაც უნდა იყოს. უბრალოდ, იქ კერძო კომპანიას აქვს დამონტაჟებული და შემოსავალსაც იღებს, მაგრამ კარგი იქნება თუ პირველ ეტაპზე ამ თვალსაზრისით სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას“, – განუცხადა მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორს“.