თბილისში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გაგრძელდება
თბილისში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გაგრძელდება

თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა.

კალაძის თქმით, თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამის განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

„ელექტროდამტენების პროგრამა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებას ემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს პროგრამის თავიდან შემუშავება დაავალა, რომლის მიხედვითაც, ელექტროდამტენები ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება.

„მინდა, ირაკლი ხმალაძეს პროგრამის თავიდან შემუშავება დავავალო. მუნიციპალიტეტმა ელექტროდამტენების მონტაჟი მოქალაქეების თხოვნის მიხედვით უნდა უზრუნველყოს. მივმართავ ელექტრომობილების მფლობელებს, მათ უნდა განაცხადონ და თუ შესაძლებელი იქნება, ელექტროდამტენებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ. ამ მიმართულებით არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ჩაერთვება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც შესაძლებელია მისი გაყიდვაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი