მაია მახარაშვილი - არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ისეთი რა წონისა და ტიპის დარღვევებია კლინიკებში, რომ მათ ოპერატიულ შემოწმებაზე მიდის საუბარი
მაია მახარაშვილი - არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ისეთი რა წონისა და ტიპის დარღვევებია კლინიკებში, რომ მათ ოპერატიულ შემოწმებაზე მიდის საუბარი

ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ისეთი რა წონისა და ტიპის დარღვევებია, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ოპერატიულ შემოწმებაზე მიდის საუბარი, – ამის შესახებ „ჯანდაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მაია მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ეს კანონი თითქოს ოპერატიულობის მოტივით არის შემოტანილი და არის ჩანაწერი, რომელიც ამ ცვლილებაში არსებობს, ანუ შემოსვლა ყველანაირი სასამართლოს ნებართვის გარეშე ძალიან დიდი უფლებამოსილებებით. არის არა მარტო შემოსვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე, არამედ აღსრულებაც ადგილზევე, ელექტრონული ჩეკით. ამის შემდეგ ყველაფერი დასრულებულია, შემოვიდნენ, შეამოწმეს, დალუქეს, შეაფასეს და ადგილზევე მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება აღსრულებაზე, რომელსაც არ აჩერებს საჩივარიც კი, თუკი კლინიკა არ ეთანხმება. ეს პირდაპირ წერია ამ კანონპროექტში. მხოლოდ უკვე აღსრულების შემდეგ შეუძლია კლინიკას გასაჩივრება. რა თქმა უნდა, ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, რომ უკვე შემდგომში მიმართოს სასამართლოს. ამავე დროს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჯარიმებზე, ლაპარაკია საქმიანობის შეჩერებაზე. ძალიან კრიტიკულია, როდესაც ამხელა უფლებამოსილება ეძლევა ერთ რომელიმე ჯგუფს, უწყებას, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ჩამოვთვალე“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისი თქმით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს მარტივი საკითხი არ არის, რადგან სასამართლო განხილვები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, კლინიკის საქმიანობის ხანგრძლივი პერიოდით შეჩერება კი მის საერთოდ გაჩერებას ნიშნავს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კლინიკის საქმიანობის შეჩერების საფუძველი არსებობს, მაია მახარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს კონტროლის ბევრი მექანიზმი აქვს და ოპერატიული შემოწმების საჭიროება არ დგას.

„რის ოპერატიული შემოწმების საჭიროება დგას დღეს? სამედიცინო სფერო არის ძალიან კომპლექსური. თვითონ კლინიკაში რაც ხდება, ერთი ნაწილია პაციენტის უფლებები და დაცულობა, რაც თავისთავად უნდა იყოს დაცული; მეორე ნაწილია ფინანსური ზიანის მიყენება-არმიყენება. პაციენტის უფლებების დაცულობის ერთი ნაწილი არის სანებართვო პირობები, რომლებიც პირველი სექტემბრიდან საერთოდ ახალია და თუ კლინიკა ამ სანებართვო პირობებს არ დააკმაყოფილებს, საქმიანობას ვერ განაგრძობს. არსებობს ინფექციის კონტროლის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და რომლის მიხედვითაც, საკმაოდ ხშირია შემოწმებები; მესამე ნაწილია, პირობითად, პაციენტის არასწორი მკურნალობა, რაც ოპერატიული შემოწმების საფუძვლად სახელდება. მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ პაციენტის არასწორი მკურნალობის შეფასება-არშეფასება ოპერატიულად უბრალოდ გამორიცხულია და ამას ვერავინ შეძლებს, რადგან პაციენტს მკურნალობს ლიცენზირებული, დამოუკიდებელი საქმიანობის მქონე ექიმი, რომლის მკურნალობის ტაქტიკაში მიმდინარედ ჩარევის უფლება არავის არ აქვს, გარდა კლინიკაში არსებული კონსილიუმისა, თავისივე კოლეგებთან შეთანხმებით, თუ რთული შემთხვევაა. როგორც წესი, თუ რამე ეჭვია ან პაციენტის ოჯახის წევრი ამა თუ იმ ჩარევის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, ასეთი შემთხვევების განხილვა ხდება დარგობრივ საბჭოებზე, სადაც არიან იმავე სპეციალობის სხვა სპეციალისტები, რომლებიც შემთხვევას განიხილავენ და აფასებენ, რამდენად სწორად იმოქმედა ექიმმა ან არ იმოქმედა. ამის ოპერატიულობასთან მიბმა, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მაია მახარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც ინსპექტორს ოპერატიულად შეუძლია, შეამოწმოს, ეს არის, რამდენად სწორი იყო ჩანაწერი სამედიცინო ბარათში.

„შეიძლება, ჩანაწერი სწორი არ იყო ან შეიძლება, რაღაც არ ეწერა, მაგრამ ეს უკვე არის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი, რომელიც ასევე დახუნძლულია ჯარიმებით და თუ სამედიცინო ბარათი სწორად არ არის ნაწარმოები, საკმაოდ მაღალი ჯარიმები გვაქვს კლინიკებს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად იზიარებს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ინფექციების კონტროლის ნაწილში, რადგან ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური ინფექციების მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია, მაია მახარაშვილმა აღნიშნა, რომ სექტორთან ერთად ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა კლინიკების შიდა რესურსით ხდება ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი და კონტროლი ძალიან მკაცრია, ხოლო ნოზოკომიური ინფექციებისგან სრულად დაცულობა თეორიაშიც კი არ არსებობს.

მისივე თქმით, სექტორი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში, რათა კანონპროექტში არსებული კრიტერიუმები და ასევე, უკვე არსებულ კრიტერიუმებშიც შეფასებები მეტად ობიექტური იყოს.