მაია ცქიტიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ონლაინშეხვედრა გამართეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ონლაინშეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მსოფლიო ბანკი საქართველოში აფინანსებს რეგიონული განვითარების, საგზაო და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ტურისტული და განათლების ინფრასტრუქტურის პროექტებს.
მსოფლიო ბანკის დახმარებით, 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოხმარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საიდანაც 500 მილიონ დოლარზე მეტი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.
ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და დასახეს ახალი გეგმები.