მაია ცქიტიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ონლაინშეხვედრა გამართეს
მაია ცქიტიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ონლაინშეხვედრა გამართეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ონლაინშეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის​ სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მსოფლიო ბანკი საქართველოში აფინანსებს რეგიონული განვითარების, საგზაო და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ტურისტული და განათლების ინფრასტრუქტურის პროექტებს.

მსოფლიო ბანკის დახმარებით, 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოხმარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საიდანაც 500 მილიონ დოლარზე მეტი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.

ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და დასახეს ახალი გეგმები.