მაია ცქიტიშვილი - ვგეგმავთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას „წყალმომარაგების კომპანიის“ კორპორაციული მართვის საუკეთესო მოდელის მოძიებისთვის, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით
რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. 2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობებსებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით წყალმომარაგებისთვის მოთხოვნილი 348 მილიონი ლარი მოხმარდება 150 დასახლებაში წყალმომარაგების პროექტების განხორციელებას, მათი დასრულების შემდეგ კი 360 ათასი ადამიანის წყალმომარაგება გაუმჯობესდება და 220 ათას ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.
მაია ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა კახეთში დაგეგმილ პროექტებზე, სადაც 130 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები განხორციელდება ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში, სადაც ამჟამად წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემა კრიტიკულია.
„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ რეგიონებში მუნიციპალურ დონეზე წყალმომარაგების მართვის საუკეთესო მოდელის გამოვლენა და შემუშავება. ბოლო წლების გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის შედეგად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად ვგეგმავთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კორპორაციული მართვის საუკეთესო მოდელის მოძიებისთვის, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.