Aqualia-ს რეგიონული დირექტორის განცხადებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, არის საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი
Aqualia-ს რეგიონული დირექტორის განცხადებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, არის საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი

წყალმომარაგების კომპანიის, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი განმარტავს, რატომ დაინტერესდა მსოფლიოს წამყვანი წყალმომარაგების კომპანია საქართველოში ინვესტირებით.

ხოსე ენრიკე ბოფილის თქმით, გადამწყვეტი როლი ითამაშა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა, მათ შორის, საქართველოს ძალისხმევამ, გახდეს ევროკავშირის ნაწილი.

„წყალმომარაგების კომპანია Aqualia-სთვის ისეთი დინამიკური ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ინვესტირების მხრივ დიდი ხნის განმავლობში იყო საინტერესო. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, კერძოდ, საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა; საქართველოს ეკონომიკის ბაზარზე ბიზნესის წარმოებისა და ინვესტირების სიმარტივე და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომუნალური მომსახურების სექტორი სისტემურად განვითარებულია, რაც ინვესტირებისთვის დამატებით სტაბილურ გარემოს ქმნის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით, ყველა რეგულაცია თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების ამჟამინდელ მდგომარეობას და Aqualia-ს სამომავლო გეგმებს, მთავარი გამოწვევა აღნიშნული ქალაქების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობაა, რაც, შესაბამისად, საჭიროებს განახლებასა და გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მოკლე დროში მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ და ამისთვის მზად ვართ, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელოთ. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ქსელის ჯამური სიგრძე 7,000 კილომეტრია და ქსელის დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ვიცით, რომ ჩვენს აბონენტებს ხშირად ექმნებათ დისკომფორტი ქსელების დაზიანებით გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვვის გამო. მთავარი გეგმაა ინციდენტების რაოდენობის შემცირება და წყალმოარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საჭიროა წყალმომარაგების ტარიფების დარეგულირება ისე, რომ სასმელი წყლის ღირებულება მოსახლეობისთვის მისაღები იყოს და, პარალელურად, წყალმომარაგების სექტორში გაწეული ხარჯების კომპენსირება შევძლოთ. მომდევნო წლებში მეტად ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად მეტი ძალისხმევა და ინვესტიცია არის საჭირო. მომავალი სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სექტორში 400 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. გასათვალისწინებელია ის, რომ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქალაქის განაშენიანების გეგმასთან თანხვედრაში განვითარდეს, რათა თბილისს, რუსთავსა და მცხეთას ევროპული ქალაქების მსგავსი წყალმომარაგების სერვისი ჰქონდეს. Aqualia-ს საქართველოში გრძელვადიანი გეგმები აქვს. მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას, საქართველოს სხვა ქალაქებშიც განვიხილავთ ოპერირებას“, – განაცხადა Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა.