მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
რეგიონებში მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სოფლების – ასურეთის, ვაშლოვანისა და ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა.
ვიცე-პრემიერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს არსებულ პრობლემები და მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტული საკითხები.
საუბარი შეეხო წყალმომარაგებას, სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შიდა საუბნო საგზაო ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას.
„ყველაზე მეტად, რაც ვაშლოვანის, ასურეთისა და ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას აწუხებს, წყალმომარაგების პრობლემაა. ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია იდება ჩვენი მხრიდან, მაგრამ აშკარაა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ყველა აქტუალური საკითხი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, გათვალისწინებული იქნება, როგორც მომავალი, ისე შემდეგი წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერთან ერთად, მოსახლეობასთან ღია შეხვედრებში მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა, მათ შორისა – ასურეთის ისტორიული სახლებისა და გერმანული ეკლესიის აღდგენა-რეაბილიტაცია.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 მილიონი ლარის სამუშაოებს ახორციელებს და მომავალი წლის ზაფხულისთვის, 360 მოზარდზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი სკოლის მშენებლობას დაასრულებს.
წელს, მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის 6 მილონი ლარი გამოიყო, რომელიც 109 პროექტზე გაიხარჯა და წლის განმავლობაში მოხმარდა: 12 სკოლის მცირე რეაბილიტაციას, ოთხი ამბულატორიის რეაბილიტაციას და ერთი ამბულატორიის მშენებლობას, სოფლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შესრულებასა და სტიქიის პრევენციისთვის ჩატარებულ სამუშაოებს.