მაია ცქიტიშვილი - სიმინისტროების შერწყმა მმართველობის სისტემის ეფექტურობაზეა გათვლილი და ხარჯების დაზოგვა მთავარი პრიორიტეტი არაა
სიმინისტროების შერწყმა მმართველობის სისტემის ეფექტურობაზეა გათვლილი და ხარჯების დაზოგვა მთავარი პრიორიტეტი არაა – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„სინისტროების შერწყმის პროცესი და საკადრო ცვლილებები მმართველობის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზეა გათვლილი და ხარჯების დაზოგვა აქ პირველი და მთავარი პრიორიტეტი არ არის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც მმართველ პოლიტიკურ გუნდს აქვს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებში, გუნდის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული.
„სამთავრობო ცვლილებები იმ რეფორმის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია, მიმდინარეობს და ამის შესახებ გუნდი არა მარტო ინფერმირებულია, არამედ, თითოეული მინისტრი უშუალოდ თავიანთ უწყებებში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებს ცვლილებებს, რაც მართვის ეფექტურობის ამაღლებასა და ხარჯების დაზოგვაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა. ეს ერთი ადამიანის გადაწყვეტილება არ იყო. ასე რომ, სამთავრობო ცვლილებები სიურპრიზი არავისთვის ყოფილა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ განხორციელდა სამთავრო ცვლილებები არჩევნების შემდეგ, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს არჩევნების წინაც არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მაგალითად, ჩვენ არ დავაფინანსეთ რთველის პროგრამა; წელს მივიღეთ ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მიხედვით, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს კერძო დაზღვევა მოუწიათ. ეს გადაწყვეტილებები არჩევნების წინ არაპოპულარულია, მაგრამ მივიღეთ. ასე რომ, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც უშუალოდ პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა მორგებული და პოპულიზმის ელფერი დაჰკრავს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.