მაია ცქიტიშვილი - საჯარო შესყიდვების სისტემის ახალი მოდელი მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაშია და მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე დროის დაზოგვის თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე დროის დაზოგვის თვალსაზრისით.
„ამ მიმართულებით, ცალკეულ შემთხვევებში უკვე დავაგროვეთ გამოცდილება, ახლა ეს მიდგომა მთელ სისტემას და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას შეეხება. უკვე მიღებული შედეგები გავავრცელეთ ყველა შესყიდვაზე და ვიმედოვნებთ, რომ მთლიანობაში, წლიურად, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომია გვექნება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მოცულობების გაერთიანება და კონკურენცია, ბევრად მისაღები ფასის დადგენას შეუწყობს ხელს, რითაც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ისარგებლებს.
„საერთო სტანდარტზე დაყრდნობით, ერთიანი შესყიდვები მოგვცემს საშუალებას მოთხოვნებთან თანხვედრაში მოვიდეს შესასყიდი პროდუქცია. ეს ნიშნავს დროის, თანხების დაზოგვასა და ტრანზაქციების რაოდენობის შემცირებას, რაც რესურსების სწორად გამოყენების თვალსაზრისით, მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საჯარო შესყიდვების ინოვაციური გზით, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით განხორციელება სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვისა და საჯარო შესყიდვების ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.