მაია ცქიტიშვილი - საჭირო გახდა, როგორც რიკოთის პროექტის 2022 წლამდე გახანგრძლივება, ასევე გაიზარდა მისი ღირებულება
გზების დაანონსებული პროგრამა დაახლოებით 1 მილიარდი ევროთი არის გაზრდილი, ზოგ შემთხვევაში, ზედმეტად ოპტიმისტურ დაგეგმვასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, პროექტირების ფაზაზე აღმოჩნდა რთული გეოლოგიური და ფაქტობრივი პირობები.
„ასევე, გვაქვს ადგილზე საპროექტო სამუშაოების ჩამორჩენაც. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გვაქვს ერთ წლიანი პროცესი დონორთან ურთიერთობის, სადაც დონორისგან ველოდებით შერჩევის პროცედურებს. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ კორექტივები შეგვაქვს ამ გეგმაში. ასევე, წინასაპროექტო შესწავლის შედეგად, ზოგიერთ გზაზე, როგორიც არის მაგალითად, თბილისის შემოვლითი გზა, თბილისი-რუსთავი და სადახლოს მიმართულებით, სატრანსპორტო ნაკადების ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ამ გზების გაკეთების საჭიროება მოცემულ ეტაპზე არ დგას და გვაქვს საშუალება, გადავიტანოთ ამ პროექტების შესრულება მომდევნო პერიოდში. ეს თანხა კი, მივმართოთ უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2016 წელს წარდგენილ გეგმაში ცვლილებები უკვე სახეზეა.
„ცვლილება ეხება, როგორც ღირებულების ნაწილს, ასევე ამ პროექტების შესრულების ვადებს. უმეტეს შემთხვევაში, ამ მაგისტრალების დაანონსების დროს, საპროექტო სამუშაოები არ იყო დაანონსებული. გარკვეულ მონაკვეთებზე, თუნდაც ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, როდესაც ვვარაუდობდით, რომ იყო საჭირო 5 კილომეტრიანი გვირაბი, საჭიროება დადგა 9 კილომეტრიანი გვირაბის. შესაბამისად, გაიზარდა ამ პროექტის ღირებულებაც და ვადებიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე, მისი თქმით, იგივე ეხება რიკოთის მონაკვეთს, სადაც საჭირო გახდა პროექტის ვადის გახანგრძლივება.
„იგივე ეხება რიკოთის მონაკვეთს, სადაც პროექტირების დროს მოხდა პროექტის დაზუსტება. ასევე, საჭირო გახდა ამ პროექტის გახანგრძლივება 2022 წლამდე. ისევე, როგორც ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 300 მილიონი ევროთი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.