მაია ცქიტიშვილი - მომავალ წელს 7 020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020 წელს, უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2021-2022 წლებში ასევე ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად, 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.
ცქიტიშვილის განცხადებით, განათლების ინფრასტრუქტურული პროექტები ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინანსდება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000 ბავშვისთვის, ხოლო 2021 წელს კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება. მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დასრულდება ფოთის, ზუგდიდის, ხაშურისა და მარნეულის სტადიონების მშენებლობა და დაიწყება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის, ახალციხისა და ზუგდიდის სპორტკომპლექსების მშენებლობა.