მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაო ფორმატში, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.
წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შემდეგი ვალდებულბებები უნდა შეასრულოს: შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე; საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება; ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა; პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.