„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ კაპიტალის შევსებისა და სასესხო დაფინანსების მოპოვებაზე მთავრობისთვის დოკუმენტის წარდგენის ვადა დღეს ეწურება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ კაპიტალის შევსებისა და სასესხო დაფინანსების მოპოვებაზე მთავრობისთვის დოკუმენტის წარდგენის ვადა დღეს ეწურება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება მთავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის ვადა, რომელიც ინვესტორის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას დაადასტურებს.

ასევე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას ეხება.

შესაბამისად, სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის სამთავრობო კომისია შეიკრიბება. თუ კონსორციუმი აღნიშნულ ორ მოთხოვნას დღის ბოლომდე ვერ შეასრულებს, განიხილება ორი სცენარი: ვალდებულებების შესრულების კიდევ ერთხელ გადავადება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

რაც შეეხება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ „კონტი ჯგუფის“ შეცვლას, კონსორციუმის მხრიდან ამ ეტაპზე, ორი კომპანიაა წარდგენილი: „მერიდიანი“ და ჰოლანდიური კომპანია „ვან-ორდი“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურით, ინვესტორთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს. კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკური პროფილის მინისტრები.

მერიდიანთან“ დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, რომლიც ინვესტორმა წარმოგვიდგინა და სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს. რაც შეეხება „ვანორდს“, ამ შემთხვევაში, საბოლოო ვადა 21 ოქტომბერია“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ.

სახელმწიფოს მხრიდან ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დონორების მოთხოვნის რვაპუნქტიან დოკუმენტში ერთ-ერთი პრობლემური თემა იყო, ჯავახაძის განცხადებით, სახელმწიფოს პოზიცია უცვლელია.

„სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს კონსორციუმთან. რისკთან დაკავშირებით, მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. თითქმის ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება შედგა. რაც შეეხება ტვირთნაკადების ფინანსურ გარანტიას, აღნიშნული რისკის დაზღვევა სახელმწიფოსთვის მიუღებელია. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის როგორც ბანკებთან, ასევე ინვესტორთან, რათა ეს მოთხოვნა შეიცვალოს“, – განაცხადა დავით ჯავახაძემ.

დატოვე კომენტარი