„მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ქსელში ექვსი ქართული არხის რეტრანსლირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება
„მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ქსელში ექვსი ქართული არხის რეტრანსლირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

საკაბელო მაუწყებლებსა და კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ექვსი ქართული ტელეარხის რეტრანსლირება როგორც „მაგთიკომის“, ისე „სილქნეტის“ ქსელში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც პირველ არხს „მაგთიკომში“ განუცხადეს, მათ აბონენტებს მომსახურება ხვალიდან, 1 დეკემბრიდან, 2 ლარით გაუძვირდებათ. რაც შეეხება სილქნეტს, მომსახურება არ გაძვირდება.

„სილქნეტის“ ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება „რუსთავი 2“, „იმედი“, „ჯი-დი-ეს“-ი, „მარაო“, „მაესტრო“ და „კომედი არხი“. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი”, – განუცხადეს პირველ არხს “სილქნეტში”.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა თანხის სანაცვლოდ გააგრძელებს „სილქნეტი“ ექვსი ქართული არხის რეტრანსლირებას.

რაც შეეხება მცირე საკაბელო ოპერატორებს, ისინი „მედია რაითს ჯორჯიას“ პირობებს არ თანხმდებიან. ჯერ უცნობია, შეუწყდებათ თუ არა საკაბელოებს ექვსი ქართული არხის სიგნალი.

საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები საქმეში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას კომინიკაციების ეროვნული კომისიისგან მოითხოვენ და სწორედ კომისიის ოფისის წინ გეგმავენ, ხვალ საპროტესტო აქციის გამართვას.
თავის მხრივ კომპანიებს შეხვედრას სთავაზობენ კომისიაში.

აღსანიშნავია, რომ საკაბელო ტელევიზიების ბაზარი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მათ ნახევარ მილიონ აბონენტზე მეტი ჰყავთ.

ბაზრის 50%-ს „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ ინაწილებენ.