პოლონეთის სეიმის წევრი - ბნელი დრო პოლონეთში, ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს საზოგადოებრივი ტელევიზია, ტუსკმა იცის, ამას დრო სჭირდება, ამიტომ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ
პოლონეთის სეიმის წევრი - ბნელი დრო პოლონეთში, ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს საზოგადოებრივი ტელევიზია, ტუსკმა იცის, ამას დრო სჭირდება, ამიტომ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ

ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება, ამიტომ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის წევრი, იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენელი მარკინ პრჟიდაჩი აცხადებს.

როგორც პრჟიდაჩი სოციალურ ქსელში წერს, „პოლონეთში ახლა ბნელი დროა.“

„ახალი წესრიგი დონალდ ტუსკის მმართველობის პირობებში. ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება წარმატების ყოველგვარი გარანტიის გარეშე. სწორედ ამიტომ მათ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ. მაუწყებლობა უკვე შეწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხმა. ზოგიერთმა დეპუტატმა ამ კაცის შეჩერება სცადა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ბნელი დრო პოლონეთში“, – წერს პრჟიდაჩი და ასევე პოლონეთის სეიმის წევრის, მარიუშ კალუჟნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობა დაითხოვა. გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა. ტელევიზიის შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.