ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ გამოკითხვას
ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ გამოკითხვას

განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ გამოკითხვას.

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ დაბარებულები. საგამოძიებო უწყებაში მისვლისას ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ მიზანშეწონილია ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს მათი გამოკითხვა. ასევე, მათ შესთავაზა შსს-მ სახელმწიფო დაცვის დანიშვნა, თუმცა ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს, რადგან მათი თქმით, გამოძიებას არ წარმოუდგენია ლევან მამალაძის განცხადებების გარდა სხვა დამატებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საფრთხის რეალობას.

„შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების სამსახურს, როგორც ირკვევა ამ დროისთვის გააჩნია ერთადერთი მტკიცებულება საქმეში და ეს წარმოადგენს „ტელეიმედის“ ეთერში ლევან მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის, განგვიცხადა დღეს გამომძიებელმა, რომელთანაც გვქონდა კომუნიკაცია. სახელმწიფო დაცვის სამსახური შემოგვთავაზეს ლევან მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით, მათ განგვიმარტეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აქვთ მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ, სხვა დამატებითი მტკიცებულებები ან გარემოებები. ჩვენ ვთქვით უარი სახელმწიფო დაცვაზე. მე ვფიქრობ რომ ჟურნალისტებისთვის მთავარი დაცვა, ეს არის თავისუფალი სიტყვა“, – განაცხადა მელაძემ.

ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის თქმით, ის და ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს მხოლოდ ლევან მამალაძის განცხადების საფუძველზე.

„მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი არის ფორმალური, ჩვენ რეალურად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. ჩვენ დაგვიბარეს იმის გამო, რაც თქვა ლევან მამალაძემ და აღმოჩნდა რომ მამალაძეს არაფერს არ ეკითხებიან. სიმართლე გითხრათ ლევან მამალაძის განცხადებები ჩემთვის დამაჯერებელი არასდროს ყოფილა, მაგრამ ეს მე არ უნდა ვარკვიო, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში მას მართლაც ჰქონდეს რეალური ინფორმაცია, ეს გამოძიებას უნდა გაერკვია. თურმე გამოძიება ამ დრომდე არ დაკავშირებია ლევან მამალაძეს. სახელმწიფო დაცვაზე უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ მიმაჩნია რეალურად ეს საფრთხე იქამდე, სანამ მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუა მთავარი მტკიცებულება. ასევე, ისედაც არ გვაკლია შსს-ს კონტროლი და მგონია, რომ დამატებითი კონტროლი, მაშინ როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღაცას ვხვდებით, სადღაც გადავაადგილდებით, გვაქვს კომუნიკაცია კონკრეტულ ადამიანებთან, მათ შორის წყაროებთან, ვფიქრობ, რომ იქნებოდა კიდევ ერთხელ კარგი საშუალება იმისთვის, რომ სახელმწიფომ გვაკონტროლოს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გამომძიებლის ინფორმაციით, ერთადერთი, რაზეც შეუძლიათ საუბარი, არის ლევან მამალაძის ჩანაწერი, რომელიც საჯარო იყო.

„დანარჩენი მტკიცებულებები ჩვენთვის არავის უთქვამს და არ გაუცნია. რაც შეეხება თავად გამოსაკითხ პირებს მათი და ჩემი პოზიციაც იყო, რომ სწორი არის ადამიანების დაკითხვა სასამართლოში. ამიტომ, ჩვენ გამოძიებას ვუთხარით, რომ არ გვაქვს პრობლემა ჩვენების მიცემის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სასამართლოში მოსამართლის წინ და როცა დაგვიბარებენ მივალთ და ჩვენებას მივცემთ. იყო შემოთავაზება დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ ვუთხარით არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, რადგანაც გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით, მათ დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ ძალიან არადამაჯერებლად ჩანდა ერთის მხრივ, რომ პირებს დაცვა მოეთხოვათ და მეორეს მხრივ სამინისტროს მიერ დანიშნული დაცვა შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც ხელისუფლების მიერ დანიშნული მაკონტროლებელი ჟურნალისტური საქმიანობის დროს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

დატოვე კომენტარი