ტელემაუწყებლობის 65 წელი - საქართველოს პირველი არხი 65 წლის გახდა

დღეს საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი შესრულდა. საქართველოს ტელევიზიის პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

წლების განმავლობაში მრავალფეროვანი ხდებოდა სატელევიზიო ჟანრები და ფორმატები. პირველივე წლებში საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა არაერთი რუბრიკა და ტელეჟურნალი.

ჯერ კიდევ პატარა სამაკეტო სტუდიის არსებობის დროს სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობდნენ გალაკტიონ ტაბიძე, ირაკლი აბაშიძე, იოსებ გრიშაშვილი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, იოსებ ნონეშვილი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რეჟისორები: მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, კომპოზიტორები: ანდრია ბალანჩივაძე, რევაზ ლაღიძე და სხვები. მათი ჩანაწერები „ოქროს ფონდშია“ შესული.

ტელემაუწყებლობის პირველივე წლებში შეიქმნა სატელევიზიო თეატრი, ამ სპექტაკლების ჩანაწერები დღეს უკვე უნიკალური არქივის ნაწილია.

1957 წელს მოძრავი სატელევიზიო სადგურის საშუალებით „დინამოს“ სტადიონიდან პირველი პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცა, რომელსაც ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე უძღვებოდნენ. 1959 წელს კი გადაიღეს პირველი სატელევიზიო ფილმი „დედის ხელი“.

საქართველოს ტელევიზია წლების განმავლობაში ქმნიდა პროდუქტს ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, მრავალფეროვანი ფორმატებით – მოსწავლეთა სატელევიზიო თეატრი, საბავშვო სატელევიზიო მიუზიკლები. გამოირჩეოდა გადაცემების სერია „ცხრაკლიტული“, რომელიც ერთგვარი შეჯიბრი იყო საზრიანობასა და გონებამახვილობაში. საეთერო ბადეში დიდი ადგილი ეკავა მუსიკალურ გადაცემებს და ქართული ხალხური პოეზიის საღამოებს, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონდა მაყურებელს.

1961 წლიდან საქართველოში ტელემაუწყებლობა ყოველდღიური გახდა და ტელევიზიის ტელემატიანე ივსებოდა უნიკალური მასალით. 1968 წელს კი თბილისში ფერადი მაუწყებლობა დაიწყო, ამავე წელს საინფორმაციო გადაცემას დაერქვა „მოამბე“.

სამოციანი წლებიდან საქართველოს ტელევიზიამ აქტიურად დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა, მათ შორის უნგრეთის ტელევიზიასთან ერთად შეიქმნა რამდენიმე ტელეფილმი, მოგვიანებით კი, მონაწილეობა მიიღო მონრეალის საერთაშორისო ფესტივალზე და მრავალი ქვეყნის წარმომადგენელს გააცნო ქართული პროდუქტი.

1968 წელს საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა ტელეფილმების სტუდია, რომელმაც არსებობის განმავლობაში 1 500-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და მუსიკალური ფილმი გადაიღო, მათ შორის არაერთი გახდა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი. ქართული ტელეფილმი მთელი ეროვნული კინოხელოვნების ორგანულ ნაწილად იქცა.

საქართველოს ტელევიზია უნიკალურ არქივს და რადიოს „ოქროს ფონდს“ ინახავს. ეს ისტორიული ფასეულობის ჩანაწერები, რომლებიც თითქმის საუკუნეს ითვლის, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი და ერის მეხსიერებაა.

2005 წლიდან საქართველოს პირველი ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა და დღეს ქართული პროდუქტის ყველაზე დიდი მწარმოებელია სატელევიზიო, რადიო და ციფრული პლატფორმებისთვის.

„დღეს საქართველოში პირველი სატელევიზიო მაუწყებლობიდან 65 წელი შესრულდა. თანამედროვე სამყაროში ალბათ ყველაზე კარგად ვხედავთ ტექნოლოგიისა და მედიის როლს, რამდენად მნიშვნელოვანია ის საზოგადოების განვითარებისთვის. საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია პირველ მაუწყებლობას ჯერ კიდევ 1925 წლიდან ითვლის, როდესაც შექმნა საქართველოს რადიო, 1956 წელს კი უკვე სატელევიზიო სიგნალი გავიდა მთაწმინდის პლატოზე მდებარე თბილისის ტელეხედვის სტუდიიდან. მას შემდეგ იყო ბევრი ეტაპი, ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. როგორც ჩვენი კონცეფცია მოიაზრებს, პირველი არხი არის ყველასთვის და თითოეულისთვის, ნებისმიერ შესაძლებელ პლატფორმაზე. ჩვენ ვართ იქ, სადაც საქართველოა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველ არხს, ტელესკოლას, საქართველოს რადიოსა და ვებპლატფორმას 1tv.ge აერთიანებს, მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე და ქვეყანაში ყველაზე სანდო, დაბალანსებულ და უსაფრთხო მედიას წარმოდგენს.

დატოვე კომენტარი