„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დასრულდა.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით.
„ყველაფერი იყო კორექტულად. ბრალდების მხარე ყველანაირად ცდილობდა დაკითხვა წაეყვანა იმ მიმართულებით, იყო თუ არა 20 ივნისის დილიდან რაიმე მცდელობა ან რაიმე ფაქტი, პიროვნებების რომელიმე ჯგუფს ერთმანეთთან მოელაპარაკა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ან ძალადობის გამოყენებაზე. ჩემი პასუხი იყო, რომ ასეთი იმპროვიზირებული მე ცხოვრებაში არაფერი მინახავს, როგორც 20 ივნისი 19:00 საათზე შემდგარი მანიფესტაცია იყო. მოქალაქეები ერთმანეთს ჯერ კიდევ დღის 12:00 თუ 13:00 საათზე სოციალური ქსელების მეშვეობით მოელაპარაკნენ. ნურცერთი ოპოზოციური პარტია ნუ ეცდება იმის მტკიცებას, რომ ის იყო რამის ორგანიზატორი. ორგანიზატორი იყო საქარველოს მოქალაქე. მე სახელმწიფო გადატრიალება არ მინახავს, რომელსაც ნორმალური ხმის აპარატურაც კი არ აქვს. ასე რომ, ეს მცდელობა ხელისუფლების განწირულია წარუმატებლობისთვის.
მე წუთი წუთზე მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდებოდა იქ და დარწმუნებული იყავით ბრალდების მხარე ვერ შეედავება ვერც ერთ ამ დროის მონაკვეთს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.
გამოკითხვაზე დაბარებულია პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.