მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაემატება
მაღალმთიანი სოფლების ნუსხას, მიმდინარე წლის ბოლომდე, კიდევ ორი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ზურაბ ალავიძემ შეხვედრაზე, რომელიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა, მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მმართველი გუნდის კანდიდატს წარმატება უსურვა.
„დღეს შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვისაც გვწამს და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით, ულამაზეს მხარეს – ბორჯომს განვავითარებთ. ბორჯომი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.