ჯუანშერ ბურჭულაძე - რისკები, რაც გუშინ არსებობდა, უკვე თავიდან არის არიდებული, მოხდა ხანძრის იმ კერების ლოკალიზება, რომლებიც შეიძლებოდა, დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო
ჯუანშერ ბურჭულაძე - რისკები, რაც გუშინ არსებობდა, უკვე თავიდან არის არიდებული, მოხდა ხანძრის იმ კერების ლოკალიზება, რომლებიც შეიძლებოდა, დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი საშუალება, რაც საჭიროა ხანძრის ჩასაქრობად, ასევე მუშაობს ცოცხალი ძალა.

მინისტრის თქმით, რისკები შემცირებულია და მოხდა ხანძრის იმ კერების ლოკალიზება, რომლებიც შეიძლებოდა, დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ შეგვეფასებინა სამომავლო რისკები, მიგვეღო გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭირო ჯარის ჩართვა აღნიშნულ ღონისძიებაში. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო, ასევე ცოცხალი ძალა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული. მოხდა იმ კერების ლოკალიზება, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

19 რიცხვშივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და მას შემდეგ, რაც უკვე საჭირო გახდა ჯარის ჩართვა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები აფასებენ რისკს და შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას, რა ტექნიკის ჩართვაა საჭირო იმ ეტაპზე. ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19 რიცხვშივე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ბორჯომში, სტიქიის ზონაში იმყოფება.