84 წლის ასაკში, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
ყოფილ სახელმწიფო მდივანს დიდი წვლილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
ოლბრაიტი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა იყო. ქვეყნის პირველ დიპლომატად გახდომამდე, ის გაერო-ში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ოლბრაიტი მხარს უჭერდა ნატო-ს გაფართოებას, მოუწოდებდა ბალკანეთში ინტერვენციისკენ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, მიისწრაფოდა ბირთვული იარაღის გავრცელების შესამცირებლად და აქტიურად ემხრობოდა ადამიანის უფლებათა დაცვასა და მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას.