#ლურჯიპლანეტა — რვაფეხას ბრძოლა გადარჩენისთვის #1tvმეცნიერება
#ლურჯიპლანეტა — რვაფეხას ბრძოლა გადარჩენისთვის #1tvმეცნიერება

საქართველოს პირველმა არხმა BBC-ის დოკუმენტური სერიალი „ლურჯი პლანეტა II“ შეიძინა, რომლის საეთერო ჩვენებაც უკვე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაყურებელთა დიდი ნაწილი დღემდე გვთხოვს სერიალის ვებგვერდზე განთავსებას. რა თქმა უნდა, ამ თხოვნას ვითვალისწინებთ და დღეიდან, 1tv.ge-ს მეცნიერების რუბრიკაში ყოველდღიურად წარმოგიდგენთ ქართულად გახმოვანებულ თემატურ ნაწყვეტებს სერიალიდან, გადამუშავებულ ტექსტთან ერთად.

აფრიკის სამხრეთით ორი ოკეანე ერთმანეთს ხვდება. მეჩეჩზე, რომელსაც უხვი ნაკადები გარს ევლება, მშვენიერი მურა წყალმცენარეები იზრდება. აქ ჩვეულებრივ რვაფეხას ძნელად შეამჩნევ. მხოლოდ მისი მფეთქავი ლაყუჩები ჩანს, რომლებითაც სუნთქავს. რვაფეხა თავის მსხვერპლს დარაჯობს. აი კიბორჩხალაც გამოჩნდა. რვაფეხა ნადავლის დევნას იწყებს. ახლა დაიმალება და მონადირესავით ჩასაფრებული მოთმინებით დაელოდება მსხვერპლს.

თუმცა, რვაფეხას გარდა კონცხის წყლებში უამრავი სხვა მტაცებელი ბინადრობს — მაგალითად, ზღვის კატები და ზვიგენები. თუ ისინი რვაფეხას მიაგნებენ, უმალვე გადასანსლავენ. ზოლიანი და ულვაშიანი კატისებრი ზვიგენები წყალქვეშა ნადირობის ექსპერტები არიან. გაუჩინარების დროა. ეს პატარა სქელკანიანი ზვიგენები ნაპრალებში დამალვას ადვილად ახერხებენ, მაგრამ რვაფეხა არ ნებდება. ის თავისი საცეცებით ზვიგენის ლაყუჩებში აღწევს. ეს ზვიგენს სუნთქვაში ხელს უშლის. ამიტომ, იძულებულია, მსხვერპლს თავი დაანებოს.

როცა რვაფეხას მოულოდნელად თავს ესხმიან, დაუცველ მდგომარეობაში ყოფნისას მას ისეთი საოცრებების ჩადენა შეუძლია, როგორიც ადრე არასოდეს შეუმჩნევიათ. რვაფეხა ნიჟარებისგან შექმნილი ჯავშნით ინიღბება. მას ღია სივრცეშიც შეუძლია დამალვა. ზვიგენი თავისი ნადავლის ადგილსამყოფელს ადვილად აგნებს, მაგრამ ნიჟარები ზვიგენს თავგზას უბნევენ.

დამშეული არსებებით არის სავსე ამ წყალქვეშა ტყეში, რვაფეხას მხოლოდ საზრიანობა თუ დაეხმარება, რომ ცოცხალი გადარჩეს.