#ლურჯიპლანეტა — როგორ ინაწილებენ ტერიტორიას თევზი გარიბალდი, ზღვის ზღარბები და ზღვის წავი #1tvმეცნიერება
საქართველოს პირველმა არხმა BBC-ის დოკუმენტური სერიალი „ლურჯი პლანეტა II“ შეიძინა, რომლის საეთერო ჩვენებაც უკვე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაყურებელთა დიდი ნაწილი დღემდე გვთხოვს სერიალის ვებგვერდზე განთავსებას. რა თქმა უნდა, ამ თხოვნას ვითვალისწინებთ და დღეიდან, 1tv.ge-ს მეცნიერების რუბრიკაში ყოველდღიურად წარმოგიდგენთ ქართულად გახმოვანებულ თემატურ ნაწყვეტებს სერიალიდან, გადამუშავებულ ტექსტთან ერთად.
მურა წყალმცენარეები სეზონურ წყლებში მთელ დედამიწაზე ხარობს. ისინი განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ ჭარბობენ. აქ ყველაზე ხშირი მურა წყალმცენარეები იზრდება. ისინი ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ზოგიერთ ადგილებში მათი გიგანტური ტოტების სიმაღლე სამოც მეტრს აღწევს.
ამ წყლებში სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული ტერიტორიისა და საკვებისთვის. თევზ გარიბალდის საკმაოდ რთული პრობლემა აქვს გადასაჭრელი. ის გზას იკვლევს წყალმცენარეებისკენ, რომლებითაც საზრდოობს. წყალმცენარეებში უამრავი ბაქტერია ბუდობს, რომლებსაც საკვებად იყენებს. ამ თევზს ფერმერის მსგავსად უამრავი სამუშაო აქვს. ის ტერიტორიიდან აძევებს ლოკოკინებსა და სხვა ბალახისმჭამელებს, რომლებიც მის წყალმცენარეებს ეპატრონებიან. მან ყველა მავნებელი თავიდან უნდა მოიშოროს. მათ შორის ყველაზე სახიფათოები ზღვის ზღარბები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, წყალმცენარეებისგან მთელი კლდე გაასუფთაონ. ზღარბებს ნემსებივით წვეტიანი ეკლები აქვთ. გარიბალდიმ ეს დაუპატიჟებელი სტუმრები როგორმე თავიდან უნდა მოიშოროს. მაგრამ პირველ რიგში, ზღვის ზღარბების პრობლემა უნდა მოაგვაროს. თუმცა, მათი მოცილება არც ისე ადვილია.
როცა მოსაღამოვდება და სიბნელე ისადგურებს, თევზი იძულებული ხდება შეჩერდეს. მას დასვენების გარდა დამალვაც სჭირდება, რადგან შეღამებასთან ერთად მტაცებლები სანადიროდ გამოდიან. ეს ელექტრული სკაროსია, რომელსაც 45-ვოლტიანი დენის დარტყმით მსხვერპლის პარალიზება შეუძლია. სანამ გარიბალდი იმალება, ზღვის ზღარბებს შეუძლიათ მშვიდად დანაყრდნენ. გათენებისას გარიბალდის საკვები კვლავ საფრთხეშია. ზღვის ზღარბები წყალმცენარეებს კალიებივით ესევიან და ეს არა მარტო გარიბალდისთვის, არამედ თვით წყალმცენარეებისთვისაც დამღუპველია, მთელი წყალქვეშა მცენარეულობა საფრთხეშია.ზღარბები წყალქვეშა ტყის შუაგულში აღწევენ. ირგვლივ ყველაფერს ანადგურებენ და მხოლოდ ცარიელ ადგილს ტოვებენ. ზღვის ზღარბების არმიამ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ამერიკის მთელი სანაპიროს გასწვრივ უამრავი ასეთი ტყე გაანადგურა.
ამ პრობლემის აღმოფხვრა ყველაზე უკეთ ზღვის წავს, ანუ კალანს შეუძლია. სხვა სახეობის წავები დროის უმეტეს ნაწილს ხმელეთზე ატარებენ, იმ დროს, როცა კალანები წყლიდან იშვიათად ამოდიან. ახალდაბადებულ კალანებს ცურვა არ ეხერხებათ, ამიტომ დედები დიდი ხნის განმავლობაში უვლიან თავიანთი პატარების ბეწვს, რომელიც მათ წყლის ზედაპირზე კარგად ტივტივში ეხმარება. იმისთვის, რათა პატარები რძით გამოკვებოს და სიცივისგან არ გაიყინონ, დედა იძულებულია, ყოველდღიურად საკუთარი სხეულის მასის დაახლოებით 30%-ის ოდენობის საკვები მიიღოს.
კალანების ულუფა ძირითადად მოლუსკებისგანაც შედგება, ზღვის ზღარბები კი მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საკვებს წარმოადგენს. ძვირფასი ბეწვის გამო, კალანს მრავალი წლის განმავლობაში სასტიკად ანადგურებდნენ. ამიტომ ეს სახეობა გადაშენების პირას აღმოჩნდა. როცა მათი რაოდენობა შემცირდა,ზღვის ზღარბებმა მურა წყალმცენარეები თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ამჟამად კალანებს კანონი იცავს და ამის წყალობით, წყალმცენარეებმა თანდათანობით აღდგენა დაიწყო. ახლა ზოგიერთ ადგილას კალანების მთელი გუნდები გროვდება, რაც მეტად სასიხარულოა, რადგან საუკუნეა, ასეთი რამ აღარ მომხდარა.