ლუქსემბურგში „კოვიდ-19“-ის ტესტირება თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, კლოდ მეშმა განაცხადა.
„ლუქსემბურგ თაიმსის“ ინფორმაციით, უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტრომ ტესტირებებისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო, რაც საკმარისი იქნება ლუქსემბურგის ყველა მცხოვრებლის ტესტირებისთვის.
„ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვირუსთან ერთად და ვაკონტროლოთ ის. მეტი ტესტირება მოსახლოებას მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. მთავრობა ისევ განიხილავს, თუ როგორ შეიძლება შევარბილოთ შემზღუდავი ზომები“, – განაცხადა მეშმა პრესკონფერენციის დროს.
მასობრივი ტესტირება ქვეყნის მასშტაბით 29 აპრილს დაიწყო და პრიორიტეტი ამჟამად მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომლებიც 4 მაისისთვის სასწავლო დაწესებულებებს დაუბრუნდებიან.
მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს „კოვიდ-19“-ზე ტესტის ჩატარება სურვილისამებრ შეეძლება. 19 მაისისთვის ლუქსემბურგში დღეში 20 000-მდე ტესტის ჩატარების შესაძლებლობა იქნება.
ლუქსემბურგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი მოსახლეობის რაოდენობა 614 ათასამდეა.