ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალი | საქართველოს ნაკრებმა ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი დაამარცხა  [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალი | საქართველოს ნაკრებმა ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი დაამარცხა  [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს. ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს „პაიჭაძე არენაზე“ 26 მარტს უმასპინძლებს.

 

  • ლუქსემბურგთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში 90-ე მოგებაა.
  • ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მას საქართველოს ნაკრებში 7 გოლი მოუგროვდა. „კარლსრუესა“ და ნაკრებში, ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია.
  • საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან მეხუთე მატჩი გამართა და მესამედ მოიგო.
  • ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. ეს მისთვის 101-ე მატჩი იყო.

 

ვილი სანიოლმა შემადგენლობაში წინა მატჩებთან შედარებით დიდი კორექტივები არ შეიტანა. ძირითადში ადგილი ისევ გიორგი ქოჩორაშვილმა მიიღო და არა ჯაბა კანკავამ, რასაც ბევრი ვარაუდობდა. ამავე დროს ფრანგმა სპეციალისტმა შეტევაში ორი თავდამსხმელი დააყენა.

ლუქსემბურგის შემადგენლობაში კი მოულოდნელობა „ივერდონის“ ნახევარმცველის, მატიას ოლესენის მოედანზე გამოსვლა იყო. სკამზე დარჩნენ მცველი მარვინ მარტინსი და ნახევარმცველი ოლივიე ტილი, რომლებმაც ტრავმა მოირჩინეს, მაგრამ სასურველ კონდიციებში არ იყვნენ. დისკვალიფიცირებული დანელ სინანი კი განაცხადშიც ვერ მოხვდა.

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თამაშის დაწყებამდე  „ბორის პაიჭაძე არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა – მას ათეულობით ათასი გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი მე-13 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ შეიქმნა – კარში ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და ლუქსემბურგის ნაკრები აშკარა გოლს გადარჩა. 21-ე წუთზე ზივზივაძემ მაინც გაიტანა, მაგრამ მეკარეზე თავდასხმა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.

საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ დაცვაში ფრთხილად მოქმედებდა. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ორივე გუნდს სიფრთხილე და დაძაბულობა ეტყობოდა.

ანგარიშის გახსნის რეალური შანსი კი მე-40 წუთზე ოთარ კაკაბაძეს ჰქონდა, თუმცა მეკარემ აუღო. ერთ წუთში, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ კარის წინ დარჩენილმა ბუდუ ზივზივაძემ გამოზომილი დარტყმით „ჯვაროსნები“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ ლუქსემბურგმა თამაშის გამოსწორება სცადა, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი ჩაკვეტაძემ შექმნა. სტუმრებმა კი მწვავე კონტრშეტევა 51-ე წუთზე განახორციელეს, მაგრამ გრესონ როდრიგესის სახიფათო დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.

52-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის საჯარიმოში წაქცევისთვის ესპანელი არბიტრისგან ჩვენი გუნდი ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა. სტუმრების კონტრშეტევა კი გერსონ როდრიგესმა შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა. თუმცა არბიტრმა მიქაუტაძის წაქცევის მომენტი ვიდეორეფერიზე გადაამოწმა, ლუქსემბურგის გოლი გააუქმა, ხოლო სტუმართა მცველი მაქსიმ შანოტი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა. შენგელიამ ჯარიმა სახიფათოდ დაარტყა და სტუმრები ძელმა გადაარჩინა.

 

„ჯვაროსნებმა“ კი 64-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე შეტევა ლევან შენგელიას გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც კარის წინ გახსნილმა ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ბოლო წუთებზე სანიოლმა შემადგენლობა შეცვალა და დასვენებული ფეხბურთელები შეუშვა. მათ შორის ჯაბა კანკავა, რომელიც ეროვნულ გუნდში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, გურამ კაშიამ კი ღირსეული ჟესტი გააკეთა – მას კაპიტნის სამკლავური გადასცა.

საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა და ევრო 2024-ის პლეიოფის ფინალში ითამაშებს.