საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ნემსაძე - ლუქსემბურგთან ძალიან რთული შეხვედრა იქნება, ერთ კარგ მატჩს ყველა ატარებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ნემსაძე - ლუქსემბურგთან ძალიან რთული შეხვედრა იქნება, ერთ კარგ მატჩს ყველა ატარებს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ამ თაობას პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება უკვე გააჩნია. ძალიან ცუდად გვახსოვს, რაც მოხდა – შესაძლოა, მეტოქის შეუფასებლობამ იმოქმედა, მაყურებლის არდასწრებამაც და ბევრმა სხვა გარემოებამაც. ლუქსემბურგმა ბოლო შესარჩევ ციკლში ძალიან კარგად ითამაშა და 17 ქულა დააგროვა. შემადგენლობაში ჰყავთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც კარგ ლიგებში თამაშობენ. თუმცა, კარგია, რომ „მონცას“ თავდამსხმელმა, მოტამ ამ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

ერთადერთი, ის მაშინებს, რომ მეტოქის შეუფასებლობა არ მოხდეს. ძალიან აჟიტირებულები ნუ ვიქნებით და ნუ ვიტყვით, რომ აუცილებლად გავალთ – ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება, ერთ მატჩს კი ყველა ატარებს. ამ შეხვედრაში ერთი შეცდომაც ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს. ეს ყველა ფეხბურთელს კარგად ესმის.

ხვიჩა დიდი დანაკლისია, მაგრამ მწვრთნელმა თამაში გუნდურობაზე უნდა ააწყოს. მე ერთ კაცზე აგებული გუნდის არ მწამს. ჩვენ კი გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც გარდატეხის შეტანა შეუძლიათ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი ნემსაძემ.