ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინს ვუთხარი, რომ მისი უახლოესი მეგობრები ახლა არიან კიმ ჩენ ინი, კორეა, სირია, ერიტრეა და იზოლაციაშია საერთაშორისო თანამეგობრობისგან
პუტინს ვუთხარი, რომ მისი უახლოესი მეგობრები ახლა არიან კიმ ჩენ ინი, ანუ ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა და იზოლაციაშია საერთაშორისო თანამეგობრობისგან, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დაწყება იოლია, მაგრამ ომის დასრულება აჩვენებს, როგორები არიან ლიდერები.
„უცნაური ადამიანი ვარ. მე გახლდით ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ათი წლის განმავლობაში. ბებიაჩემი რუსეთიდანაა, ის მართლმადიდებელი მიგრანტი იყო, ბაბუაჩემი კი – ებრაელი პოლონეთიდან, მეორე ბაბუა იყო ლუქსემბურგელი კათოლიკე და მეორე ბებია – ფრანგი ათეისტი. ჩემს თავში მაქვს ყველა ეს განსხვავებული ეთნოსი და კულტურა, რელიგია და ტოლერანტობა. ამასთან, დაქორწინებული ვარ ბელგიელ კაცზე. მე ვარ ასევე გეი და თქვენს ზოგიერთ ქვეყანაში უფლებებიც კი არ მექნებოდა, მაგრამ რომ დავუბრუნდეთ რუსულ ფესვებს, რუსეთთან კავშირებს, ბევრი თქვენგანი შოკირებული იქნება, მაგრამ მე კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან.
პუტინს ხშირად ვურეკავდი, ვსაუბრობდით, ომის დასაწყისშიც დავურეკე პრეზიდენტ პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვცადე აზრთა გაცვლა. ბუჩის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გამოსავლის მოძიების სურვილი აღარ არსებობს. შეგიძლიათ, იყოთ შოკში, იმედგაცრუებული, მე სევდიანი ვარ, რადგან ამ საქციელით თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, რაც ავაშენეთ – კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები. ღრმად ვარ შეწუხებული, რომ ჩვენ აზრთა გაცვლაც არ შეგვიძლია. პუტინს ასევე ვუთხარი, რომ მისი უახლოესი მეგობრები ახლა არიან კიმ ჩენ ინი, ანუ ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა და ის იზოლაციაშია საერთაშორისო თანამეგობრობისგან. თავად პუტინი მესაუბრა რუსული ენის, ნაცისტების, პოლიტიკური ინსტრუმენტების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი მხარის ნარატივი სწორი არაა. ომის დაწყება იოლია, ომის დასრულება აჩვენებს, როგორები არიან ლიდერები. არასდროს არის გვიან, დაინახო, რომ დიდი შეცდომა დაუშვით. გული მწყდება, რომ ომის დასაწყისში ვცადე თქვენთან კონტაქტი. მინდა, გითხრათ, რომ ვერ დავრჩები აქ ლავროვის პასუხის მოსასმენად, მაგრამ შეჩერდით. ნუ აკეთებთ რაღაცას, რასაც ახსნა, მიზეზი არ აქვს. დამიჯერეთ, ძალა არ არის იმის საჩვენებლად, რომ უფრო ძლიერი ხარ, არამედ იმისთვისაა, რომ მილიონობით ადამიანის ტანჯვა დაასრულოთ“, – განაცხადა ქსავიე ბატელმა.