ლუკ კოფი - თუ შეხედავთ „ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, საქართველოს მაჩვენებელი გაზრდილია იმავე პერიდოში, რომელზეც „ფრიდომ ჰაუსი“ ამბობს, რომ დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი შემცირდა
„ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის“ ექსპერტი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით სწორი მიმართულებით მიდის. პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კოფი, რომელიც „ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის“ ელისონის საგარეო პოლიტიკის სწავლების ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებს, ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესახებ სხვადასხვა სურათს აჩვენებს.
პირველი არხის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის „ფრიდომ ჰაუსის“ ანაგარიშში მოყვანილ შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი 2017 წელს შემცირდა, ლუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით შესამჩნევია და ქვეყანა ამ მხრივ რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის სამაგალითოა.
„ვფიქრობ შესანიშნავია ის, რაც საქართველომ გააკეთა 90 წლებიდან დღემდე საკუთარი დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია პროცესია და არა მოვლენა. ვერცერთი ქვეყანა ერთ დღესაც უბრალოდ შესანიშნავი დემოკრატიის პირობებში ვერ გაიღვიძებს. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ როგორ ვაშენოთ უკეთესი დემოკრატია, ვსწავლობთ ამერიკაშიც, სწავლობენ ევროპაშიც, საქართველოშიც. ვფიქრობ, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ის რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის შესანიშნავი მაგალითია.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში აჩვენებს სიტუაციის ერთ კუთხეს. თუ თქვენ, მაგალითად, შეხედავთ „ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას ზომავს მთელს მსოფლიოში, საქართველოს მაჩვენებელი გაზრდილია იმავე საანგარიშო პერიდოში, რომელზეც „ფრიდომ ჰაუსი“ ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი შემცირდა. ეს განსხვავებული ანგარიშები თქვენ უნდა მიიღოთ როგორც ცალკეული ნაწილაკები და განსაკუთრებით არ უნდა შეჩერდეთ მათზე, მთავრი ის არის, რომ გქონდეთ სწორი მიმართულება და საქართველოს დანამდვილებით სწორი მიმართულება აქვს აღებული“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.