ხუთი ინიციატივა, რომლებითაც საქართველო გლობალურ უსაფრთხოებაში მონაწილეობის გაგრძელებას შეძლებს - რობერტ ჰამილტონისა და ლუკ კოფის ერთობლივი სტატია
ხუთი ინიციატივა, რომლებითაც საქართველო გლობალურ უსაფრთხოებაში მონაწილეობის გაგრძელებას შეძლებს - რობერტ ჰამილტონისა და ლუკ კოფის ერთობლივი სტატია

რას ნიშნავს ავღანეთიდან გასვლა საქართველოს ნატო-ზე ოცნებისთვის – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, რობერტ ჰამილტონისა და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის ერთობლივ სტატიას გამოცემა „დეფენს ვანი“.

სტატიის თანახმად, ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის გასვლის შემდეგ, კავკასიური სახელმწიფო კარგავს ერთ-ერთ საუკეთესო გზას იმის დემონსტრირებისთვის, რომ დასავლეთის ალიანსშია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ავღანეთის მისიის დასრულება ასევე ნიშნავს საქართველოს სამხედრო ძალების განთავსების მიზნით შექმნილი ამერიკული პროგრამის დასრულებას და, რადგანაც ავღანეთში ქართველი სამხედროები აღარ გაემგზავრებიან, აშშ-ის საზღვაო ქვეითები საქართველოს მომდევნო თვეების განმავლობაში დატოვებენ.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში ცხრა ქართული ქვეითი ბატალიონი გაიწვრთნება.

ამასთან, სტატიის ავტორები მიუთითებენ ხუთ ინიციატივაზე, როგორ შეუძლია საქართველოს, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში.

პირველი, ეს არის საქართველოს მიწვევა პოლონეთში განთავსებულ ნატო-ს მრავალეროვნულ ბატალიონში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ბატალიონში ნატო-ს არაწევრი არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა მიწვეული. მეორე ინიციატივა უკავშირდება საქართველოს მიწვევას ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვის მიზნით ინიცირებულ უსაფრთხოების მისიაში, რომელსაც თურქეთის უხელმძღვანელებს. სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსა და თურქეთს უკვე აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა. მესამე ინიციატივა ეხება ერაყში ნატო-ს საწვრთნელ ოპერაციას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მისიის 400-დან 4 000 ჯარისკაცამდე გაზრდას გეგმავს, რაც რადიკალი ჯიჰადისტების წინააღმდეგ ერაყის არმიის მომზადებას ითვალისწინებს. მეოთხე ინიციატივა ეხება საქართველოს მონაწილეობას სპარსეთის ყურის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. სტატიის თანახმად, საქართველოს შეუძლია, უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ხომალდებზე განთავსდებიან და ეს იქნება გზა, რომ საქართველო ჩაერთოს აშშ-ის უსაფრთხოების ოპერაციებში ევროპის მიღმა. კიდევ ერთ ინიციატივად სტატიის ავტორები ასახელებენ საქართველოს შეთავაზების გათვალისწინებას, რომ იყოს ნატო-ს ძალების საწვრთნელი ცენტრი.

„არც ერთი ეს წინადადება არ არის გამოწვევების გარეშე. მათი ამუშავებისთვის საჭიროა რეალური პოლიტიკური ლიდერობა და შემოქმედობითობა ვაშინგტონში, ბრიუსელსა და თბილისში. თბილისმა იცის, რომ ნატო-ში გაწევრიანება ძირითადად პოლიტიკური საკითხია. მან უკვე დააკმაყოფილა ან გადააჭარბა იმ სამხედრო პირობებს, რაც საჭიროა ცივი ომის შემდგომი აპლიკანტებისთვის. საქართველოს ლიდერებს ასევე ესმით, რომ ნატო-სთან ოპერაციებში ყოფნა კრიტიკულია ალიანსის რადარზე დარჩენისთვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

რობერტ ჰამილტონი და ლუკ კოფი სტატიის ბოლოს აღნიშნავენ, რომ საქართველომ შეძლო თავდაცვის სერიოზული რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობს გაცილებით მაღალი ტემპით, ვიდრე ნატო-ს ბევრი ქვეყანა, რის გამოც აშშ-მა ნატო-სთან უნდა იმუშაოს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს.