ლუკ კოფი - დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, კვლავაც კარგი პოზიციაა
ლუკ კოფი - დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, კვლავაც კარგი პოზიციაა

დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, კვლავაც კარგი პოზიციაა, – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა ექსპერტმა, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ვფიქრობ, დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, რომ ის არ გამოიყენებს სამხედრო ძალას ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად, კვლავაც კარგი პოზიციაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2022 წლის თებერვლის მოვლენების შემდეგ სამყარო ახალ ეპოქაში შევიდა. ტრანსატლანტიკური საზოგადოება ახლა სიტუაციაში აღმოჩნდა და უბრალოდ არ ვიცით რა მოხდება. ჩვენ არ ვიცით გრძელვადიანად რა ეფექტი ექნება მიმდინარე მოვლენებს რუსეთზე. არ ვიცით, რა შედეგი დადგება სამხრეთ კავკასიისთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, რჩება გონიერ პოლიტიკად, ქართველი პოლიტიკოსები მაინც უნდა იყვნენ მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა მოუვა რუსეთს და ასევე არ ვიცით, რა ბედი ელოდება მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს მომდევნო წლებში“, – განაცხადა კოფიმ.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა დასავლეთი, უკრაინის მსგავსად საქართველოს, თუ რუსეთი დააპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების ფორმალურ ანექსიას, კოფი, პასუხობს, რომ საქართველო დასავლეთისგან სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებს.

„ვფიქრობ, იმის გამო, რაც უკრაინაში მოხდა, მთელი მსოფლიო უკეთესად გააცნობიერებს მომხდარს, თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოს რეგიონების ფორმალურ ანექსიას და უფრო მეტ პროტესტს ვიხილავთ. მარგამ, სამწუხაროდ პრაქტიკული კუთხით, ეს რეგიონები უკვე რუსეთის შემადგენლობაშია. რუსეთი პასუხისმგებელია ამ რეგიონებში ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით ვითარებაზე. დე ფაქტო ლიდერების უმეტესობა ამ რეგიონებში ან უშუალოდ მოსკოვიდან გახლავთ წარგზავნილი ან წარმოადგენენ ყალბი არჩევნების შედეგად დანიშნულ პირებს. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ფორმალური ანექსია დიდს ვერაფერს შეცვლის. ასევე არ მგონია, ჩვენ ვიხილავთ უკრაინის მსგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ახლა საქართველო სამხედრო კონფლიქტში არ არის ჩართული. ჩვენ უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადაგვედგა 2008 წელს. სწორედ ამ დროს გვქონდა ამის შესაძლებლობა და მომენტი, რომელიც არ გამოვიყენეთ. ამიტომ, ახლა თუ რუსეთი დააპირებს საქართველოს რეგიონების ფორმალურ ანექსიას, აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას ვერ ვიხილავთ, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა კოფიმ.