საქართველოს პარლამენტი მილოცვას იმსახურებს, – ასე ეხმაურება ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.
როგორც ლუკ კოფი წერს, პოლიტიკური სპექტრის „ყველა მხარემ“ უნდა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესსა და კამპანიაში ცივილიზებულად და პატრიოტიზმით.
„კარგი ამბები საქართველოდან. საარჩევნო სისტემის ცვლილებები პარლამენტს უფრო წარმომადგენლობითს გახდის. სამწუხაროა, რომ დაპირებული ცვლილებები, რომლებიც ზაფხულში იყო წარდგენილი, პირველად ნოემბერში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მილოცვას იმსახურებს. ახლა რთული მხარე – საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ამოქმედდეს. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს. (ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ასეც მოხდება) პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დაძაბული რჩება და ყველა მხარეს აკლია ნდობა, ეს უნდა შეიცვალოს. პოლიტიკური სპექტრის „ყველა მხარემ“ უნდა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესსა და კამპანიაში ცივილიზებულად და პატრიოტიზმით. ერთადერთი პერსონა, ვინც სარგებელს იღებს დაძაბული პოლიტიკური სიტუაციით საქართველოში, არის პუტინი. არ მისცეთ მას საშუალება, გაყოს თქვენი ქვეყანა. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დასაახლოვებლად. ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო წინა მთავრობის დროს. ზოგი ინიციატივა ეკუთვნის მოქმედ მთავრობას. ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს. საქართველო-ნატო-აშშ-ის ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა“, – წერს ლუკ კოფი.