ლუიზა ვინტონი - ველოდებით, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი წესების, რეგულაციების, კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართება
მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი იქნება ერთ-ერთი პირველი გამოცდა საქართველოს პარლამენტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა განუცხადა.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო დემოკრატიაზე.
„სწორედ ახლახან მოხდა ეს პროცესი და ალბათ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი პირველი გამოცდა საქართველოს პარლამენტისთვის. ასევე ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, რომ სამოქალაქო აქტივობა და საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის გარშემო არის ძალიან მაღალი და ჩვენ ველოდებით, რომ ყოველგვარი წესების , რეგულაციების და კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი“- განაცხადა ვინტონმა.