საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, – ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო, „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებზე. აქვე ხაზი გაესვა დახურულ და ღია სივრცეში პირბადის სწორად ტარების აუცილებლობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ, მოწყვლადი ჯგუფებისა და პირველ ხაზზე მომუშავე საჯარო მოხელეების დამცავი საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის.

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, საჯარო უწყებებს პირბადეები, ერთჯერადი ხალათები და ხელთათმანები გადასცა, რომლითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 000 ადამიანი აღიჭურვება.

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა იმ საჯარო მოხელეების დამცავი საშუალებებით აღჭურვა, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და რომლებსაც სახლიდან მუშაობა, თავიანთი საქმის სპეციფიურობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ.

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, ხაზი გაუსვა, რომ მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.