ლუიზა ვინტონი - მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს
ლუიზა ვინტონი - მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების მედიით გაშუქება.

მისი განცხადებით, არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის განმსაზღვრელი ნიშანია.

„დემოკრატია კი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის არსებობს, თუმცა დემოკრატია ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე“, – დასძინა ვინტონმა.

ვინტონის თქმით, მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, რაშიც მედიას გადამწყვეტი როლი აქვს.

„არჩევნების დროს ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს, თუ რა სახის სისტემა სურთ ჰქონდეთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა და რა პოლიტიკა გატარდება. მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ნედლი მასალების მიწოდების უზრუნველყოფით“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

ვინტონის განმარტებით, 2020 წლის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ახალი საარჩევნო სისტემა მოქმედებს.

„წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს კონსტიტუციური სისტემის ცვლილება, რომელიც უფრო ფოკუსირებულია პარლამენტზე, როგორც ძალაუფლებისა და გადაწყვეტილების მიმღებზე. გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რაც ძალიან რთული პოლიტიკური კომპრომისის შედეგია. ასე რომ, ხალხი აკვირდება შედეგებს, არა მხოლოდ საქართველოში. თუ როგორ ხედავს მედია პოლიტიკურ ლანდშაფტს, ეს უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა, რასაც ჩვენ დადებით ტენდენციად განვიხილავთ“, – განაცხადა ვინტონმა.

ლუიზა ვინტონის განმარტებით, პოლიტიკური ბალანსი და მიკერძოებულობა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, კერძოდ კი ტელევიზიებისთვის.

„პროფესიონალიზმი დროსთან ერთად სულ უფრო უმჯობესდება, ეს კარგია, თუმცა, კვლავ ვხედავთ ღრმა და უფრო ანალიტიკური გაშუქების საჭიროებას. პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, თავიანთი დღის წესრიგი დააყენონ და არა მედია, რომელიც უნდა ამბობდეს, რა არის მთავარი საკითხები.

მიღებულ ინფორმაციას, კრიტიკის, დაზუსტებისა და ღრმად ჩაძიების გარეშე იღებენ. გვერდით რჩება სოციალური საკითხები. პოლიტიკური პარტიები იძლევიან მიმართულებას. სოციალურ მედიაში მოშლილია ზღვარი შეკვეთილ და სარედაქციო კონტენტს შორის. ასევე მნიშვნელონია გენდერული სტერეოტიპები. იგულისხმება ქალთა უარყოფითად წარმოჩენა და ქალთა, როგორც პოლიტიკურ აქტორთა შესაძლებლობის უარყოფითად წარმოჩენა. პოლიტიკოსების მიერ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული განცხადებები კეთდება, რასაც მედია კრიტიკის გარეშე იღებს, გარკვეული კონტექსტის გარეშე, რომელიც მედიას ასეთი განცხადებისგან დისტანცირების საშუალებას მისცემდა.

წელს სიახლე გვაქვს, გავაფართოვეთ ჩვენი პროგრამა სოციალურ მედიაზეც, რათა გვენახა, თუ როგორ იყენებენ და შეიძლება გამოიყენონ „ფეისბუქი“, ყველაზე პოპულარული სოცქსელი საქართველოში. ვნახეთ, რომ მას წარმოუდგენელი გავლენა, წარმოუდგენელი წვდომა აქვს მომხმარებლებზე. ტრადიციული მედია ძალიან კარგად იყენებს ამას ინფორმაციის გასავრცელებლად, თუმცა ამავდროულად პოლიტიკური პარტიებიც და პოლიტიკოსებიც კარგად არიან ადაპტირებული სოცქსელთან მათი პროფილებისა და პოზიციების გამოსაქვეყნებლად“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.