ლოურენს ბროერსი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ლაკმუსის ტესტი დიპლომატიისთვის
ლოურენს ბროერსი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ლაკმუსის ტესტი დიპლომატიისთვის

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და შესაძლო შედეგების შესახებ საქართველოს პირველი არხი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, „ჩეთემ ჰაუსის“ კავკასიის პროგრამის დირექტორ ლოურენს ბროერსს ესაუბრა.

 – ლოურენს, თქვენი აზრით, რას უკავშირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია?

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას, ამა თუ იმ ფორმით, ბოლო ექვსი წელია, ვადევნებთ თვალს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2020 წლის ივლისში ვნახეთ, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. ამას წინ უძღოდა რთული პერიოდი, როდესაც 2019 წლის დასაწყისში, პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებით მოსახლეობას სამშვიდობო ზავისთვის შემზადებას ცდილობდნენ. ამიტომ, მოსახლეობას ჰქონდა ერთგვარი „გადატვირთვის“ მოლოდინი, თუმცა ყველაფერი მალე შეცვალა ნაციონალისტურმა რიტორიკამ, რომელიც აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ისმოდა. აზერბაიჯანში განსაკუთრებით იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან ივლისში, კონფლიქტის ესკალაციის დროს, დაღუპულთა უმეტესობა  აზერბაიჯანელები იყვნენ. ბაქოში პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების აღარ სჯეროდათ, ამავე დროს აზერბაიჯანს სურდა სამხედრო ინიციატივის ხელში ჩაგდება და მათ ჰქონდათ უფრო მტკიცე მხარდაჭერა თურქეთისგან. შესაბამისად, ბაქოში ჩათვალეს, რომ მსგავსი სამხედრო ოპერაციისთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, რადგან მსოფლიო ახლა დაკავებულია აშშ-ის არჩევნებით, ევროპის ყურადღება გადატანილია პანდემიაზე, ხოლო რუსეთი დაკავებულია ბელარუსით და ნავალნის საქმით. ბაქოში ჩათვალეს, რომ სამხედრო ოპერაციით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება და სამშვიდობო პროცესში დამატებითი ბერკეტის მიღება.

 – თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები და რისი გაკეთებაა შესაძლებელი კონფლიქტის ცხელი ფაზის შესაჩერებლად?

ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. სავარაუდოდ, ახლა აზერბაიჯანში გრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ წინ წაწევა და არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის გარეთ მდებარე ოკუპირებული ტერიტორიების დაკავება, არამედ თავად ყარაბაღის ტერიტორიაზეც. შემდეგი კითხვა ასეთია: იქნება კი ეს საკმარისი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის სამშვიდობო პროცესში დასაბრუნებლად, თუ საქმე პირიქითაა და ბაქოში გრძნობენ, რომ თურქეთის მხარდაჭერა და რუსეთის ხელთ არსებული ბერკეტების შემცირება, მათ შესაძლებლობას აძლევს სამხედრო კამპანია გააგრძელონ? ჩემი აზრით, ახლა სიტუაციის განმუხტვისკენ გზა არ ჩანს, ახლა დომინირებს სამხედრო დინამიკა.

 – ვისაუბროთ თურქეთზე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და ამავე დროს ვუყურებთ რუსეთის მოქმედებებს, რომელიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და პასიურია. თქვენი აზრით, რით არის ეს გამოწვეული?

თურქეთის ექსპერტი ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს, არის აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დამატება უფრო ფართო ასპარეზზე მიმდინარე მოქმედებებთან, სადაც თურქეთი უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. თურქეთი ცდილობს გავლენის მოპოვებას და რუსეთთან ახალი გარიგების მიღწევა სურს. თურქეთს სურს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში მნიშვნელოვან მოთამაშედ აღიარონ. ის ცდილობს, მოლაპარაკებების პროცესში შუამავალი იყოს, თუმცა ცხადია, რომ თურქეთი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზერბაიჯანს. რუსეთის მოქმედებები კი უფრო შეზღუდულია. ჩვენ ვნახეთ სატელეფონო მოლაპარაკებები, დეკლარაციები, თუმცა მოსკოვი უფრო შეზღუდულია, რადგან ის ახლა ცდილობს იმ „წითელი ხაზების“ დადგენას, რომლიც მისთვის მისაღები იქნება. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე ვრცელდება და არა მთიან ყარაბაღზე. არსებობს სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხიც. ცხადია, რუსეთს აქვს სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, მაგრამ სამხედრო ტვირთების გადაადგილების მარშრუტი საქართველოზე გადის და ეს შეუძლებელია, ამიტომ ეს უნდა მოხდეს ირანის გავლით, რაც ყველაფერი ძალიან დიდ გაურკვევლობას იწვევს. ამავე დროს, რუსეთისთვის რთულია აზერბაიჯანის მტრად აღქმა და სამხედრო მოქმედებების დაწყების განხილვა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთანაც კარგი ურთიერთობები აქვს. მთავრი კი ის არის, რომ რუსეთში არ სურთ არჩევანის გაკეთება. სწორედ ამიტომ მოსკოვის ქმედებები პასიურად და არარელევანტურად აღიქმება. ეს კი რუსეთს აზიანებს. ჩემი აზრით, მოსკოვი უფრო მეტად შეეცდება ეუთო-ს მხარდაჭერას, მულტილატერალური მიდგომის მხარდაჭერას. ჩვენ დავინახავთ რუსეთის ორ სახეს. ერთი  მხრივ, რუსეთი არის რეგიონული გეოპოლიტიკური მოთამაშე, რომელიც თურქეთთან გარიგებას ცდილობს და მეორე მხრივ, მულტილატერალური რუსეთი, რომელსაც სურს, საერთაშორისო ასპარეზზე კარგი მოთამაშე იყოს, რომელიც ჩამოაყალიბებს კოალიციას, რათა კონფლიქტი გადაიჭრას. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, რუსეთმა უფრო გრძელვადიანი სტრატეგია აირჩიოს, როდესაც შეეცდება, ამ პროცესიდან ევროატლანტიკური მოთამაშეები და თურქეთიც გამოთიშოს. ამ სტრატეგიის შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია.

 – როგორ ფიქრობთ, შეიძლება მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები ვიხილოთ?

ამ თემით სპეკულირება დიდი ხანია, მიმდინარეობს. ისმის კითხვა, სურს თუ არა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა თავად რუსეთს? საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკვე ისაუბრა იდეაზე, რომ კონფლიქტის ზონაში შესაძლოა, შეიარაღებული დამკვირვებლები გააგზავნონ. შესაძლოა, ეს იყოს მოკლევადიანი მისია და ერთგვარი ტაქტიკური სვლა, რათა დაიწყოს დებატები, სამომავლოდ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებაზე. სამშვიდობო მისიის საკითხი ძალიან რთული და ბუნდოვანია, რადგან გაურკვეველია, რომელმა ქვეყნებმა უნდა გააგზავნონ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოები. ეუთო-ს მინსკის ჯგუფში თანხმდებიან, რომ ამ ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, არც მეზობელ ქვეყნებს, მაგრამ რომელი სხვა სახელმწიფოები დასთანხმდებიან სამშვიდობო ძალების გაგზავნას, როდესაც კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო პროცესის ერთგულებას არ გამოხატავენ. არავის სურს უვადო სამშვიდობო ოპერაციის დაფინანსება.

 – რა შეიძლება ითქვას სხვა რეგიონულ მოთამაშეებზე. მაგალითად, მეზობელ ირანზე და ასევე ისრაელზე. როგორც ვიცით, სომხეთში ამტკიცებენ, რომ ისრაელი იარაღს აწვდის ბაქოს…

ცხადია, სხვა მოთამაშეების ინტერესები არსებობს. მაგრამ კითხვა შემდეგშია, რამდენად დიდია მათი გავლენა? გეოპოლიტიკური ანალიზი ახლა ფოკუსირებულია რუსეთსა და თურქეთზე. ასევე, ვხედავთ უფრო ფართო ევროატლანტიკურ სივრცეს, რომლიც ახლა ძალიან დაყოფილია და არ ჰყავს ლიდერი აშშ-ის სახით. ეუთო-ში ასევე არის ლიდერობის კრიზისი. ევროპასაც ძალიან უჭირს ამ პროცესებში საკუთარი როლის განსაზღვრა. ევროკავშირის როლიც არაერთგვაროვანია. ისრაელს რაც შეეხება, ის უკვე წლებია, არის აზერბაიჯანში შეიარაღების მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა. თავის მხრივ აზერბაიჯანი აწვდის ნავთობს ისრაელს. ორ ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს. არ ვიცი, რამდენად აქვს სხვა გავლენა ისრაელს, თუმცა ბაქო მუდმივად ხაზს უსვამს ისრაელის მხარდაჭერას. ირანი, ისევე როგორც საქართველო, არის ქვეყანა, რომელსაც ომის თავიდან აცილება სურს. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა ეს უკავშირდება ირანში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ კონფლიქტში უფრო მეტად არიან ჩართული, ვიდრე ეს წარსულში იყო. ამავე დროს, ირანს რუსეთის წითელი ხაზების გადაკვეთაც არ სურს. ირანი ისედაც იზოლირებულია და გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ამავე დროს, ირანს არ სურს კავკასიაში თურქეთის გავლენების გაფართოებაც. თუმცა, თეირანს არ აქვს ბერკეტები, რომ ზემოქმედება მოახდინოს არსებულ სიტუაციაზე. ასე რომ, ირანი უფრო მეტად დამკვირვებლის როლშია, რომელიც ფორმალურად აზერბაიჯანს უჭერს მხარს, მაგრამ ტრადიციულად ასოცირებულია პროსომხურ პოზიციასთან.

 – თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ძველ სტატუს კვოსთან დაბრუნება და ზოგადად, რამდენად ქმედითია ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რომლიც ამ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობს?

ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა მცირეა. ვგულისხმობ დიპლომატიურ გზას. ჩემი აზრით, არსებობს სამი სახის დინამიკა, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს. პირველი არის სამხედრო დინამიკა, რომლიც ახლა დომინირებს. მეორე, რეგიონული დინამიკა რუსეთსა და თურქეთს შორის და მესამე  – მულტილატერალური დიპლომატიის აღდგენის შესაძლებლობა, რათა დადგეს სერიოზული პოლიტიკური მომენტი, რომლის დანაკლისსაც უკვე სულ მცირე ათი წელია, განვიცდით. როგორც ვიცით, მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მეოთხე პუნქტი ამბობს, რომ მინსკის ჯგუფის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს. არვის უნდა მინსკის ჯგუფის შემადგენლობის შეცვლაზე საუბარიც კი, რადგან ამის მიღწევა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ახალი ფაქტები და რეალობა შეცვლის საერთაშორისო დიპლომატიის კონტექსტს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ უნდა ვიხილოთ ამ კონფლიქტის მოგვარების დროს მულტილატერალური დიპლომატიის დასასრული. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი. ეს არის კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება, უფრო ფართო რეგიონული სივრცე მოიცვას. იმედია, აშშ-ის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ. ველოდებით ეუთო-ს მეტ აქტიურობას. თუმცა, ცხადია, რომ კონფლიქტი გამწვავდა იმ დროს, როდესაც მულტილატერალური დიპლომატია ძალზედ დასუსტებულია. ეს კონფლიქტი არის ლაკმუსის ტესტი დიპლომატიისთვის.

 – აუცილებლად უნდა გკითხოთ, საერთაშორისო მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც მონაწილეობენ. რას ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ეს კონფლიქტი გადაიქცეს ე.წ. მარიონეტულ ომად?

ამ ეტაპზე ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია. ანკარა და ბაქო რეგიონში უცხოელი მებრძოლების ყოფნას უარყოფენ. თუმცა, არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო, რომელიც ამბობს, რომ ასეთი რამ მართლაც ხდება და მათი ინფორმაციის უარყოფა არ შეიძლება. უცხოელ მებრძოლებს, რომლებიც, ცნობების მიხედვით, მთიან ყარაბაღში ჩავიდნენ, არა რელიგიური მიზნები, არამედ ფინანსური სარგებელი იზიდავთ. ამიტომ, რეგიონში ჯიჰადისტების ჯგუფების ჩასვლაზე საუბარი არასწორია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ე.წ. „მარიონეტული ომის“ დინამიკას. თურქეთი დაქირავებულ მებრძოლებს სხვადასხვა ადგილებზე აგზავნიდა და ჩვენ ვიცით, რომ მსგავსს მებრძოლებს თურქეთი გავლენის გასაფართოებლად იყენებს ხოლმე. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად უცხოელ მებრძოლებს საბრძოლო ველზე სარგებელი არ მოაქვთ. ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. ცხადია, ამ კონფლიქტის „მარიონეტულ ომად“ გადაქცევის შესაძლებლობა არსებობს. თურქეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს აზერბაიჯანს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა დაიწყოს სომხეთის შეიარაღება. რუსეთი ეცდება, ამ კონფლიქტის მარიონეტულ ომად გადაქცევა თავიდან აიცილოს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ რუსეთი და თურქეთი მხარს უჭერენ ლიბიასა და სირიაში დესტრუქციულ სამოქალაქო ომში ჩართულ მხარეებს და ჯგუფებს. სომხეთი და აზერბაიჯანი კი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოები არიან. ამ ქვეყნების ლიდერებს აქვთ ხალხის მანდატი, რათა მართონ ქვეყანა და მათ ზურგს საზოგადოება უმაგრებს. ამიტომ, მათი კონტროლი უფრო რთულია, მანიპულაციების რისკი კი – მცირე.