ლონდონში პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი“ გაიმართა
ლონდონში პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი“ გაიმართა

16 მარტს ლონდონში პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი“ გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფორუმი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით გაიმართა.

„საქართველოს საინვესტიციო ფორუმში“ მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროების წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები.

ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორისთვის.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა და საქართველოს საელჩოს დესპანმა, გიორგი საგანელიძემ.

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს წამყვანი კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.

საქართველოს საინვესტიციო ფორუმის სპონსორები იყვნენ: Raiffeisen Bank International-ი, Dentons-ი, Silkroad Group-ი, FitchRating-ი, Baker McKenzie.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.