ლონდონში ბრექსიტის შეჩერების მოთხოვნით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
ლონდონში ბრექსიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ათი ათასობით დემონსტრანტი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შეჩერებას ითხოვს.
აქციაზე ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დროშები ერთად ფრიალებს. დემონსტრანტების მოთხოვნაა, რეფერენდუმი ხელახლა ჩატარდეს. ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მოწინააღმდეგეებს ყველაზე მეტად ევროკავშირის ქვეყნების იმ მოქალაქეების ბედი ადარდებთ, რომლებსაც ბრექსიტის სისრულეში მოყვანის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრება მოუწევთ.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ცხოვრებას გადაწყვეტენ, სპეციალური ტესტის გავლა და მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ.
ბოლო პერიოდში, ბრიტანული მედია წერს, რომ 2016 წლის რეფერენდუმიდან ორი წლის თავზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. ბრექსიტის პროცედურა ოფიციალურად 2019 წლის მარტში დასრულდება.
ლონდონში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.