ლონდონის სახანძრო სამსახურის ცნობით, სომერსეტ ჰაუსში ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა
ლონდონის სახანძრო სამსახურის ცნობით, სომერსეტ ჰაუსში ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა

ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა. ამის შესახებ ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი, რომელიც ისტორიულ შენობაში შუადღეს გაჩნდა, ამ დროისათვის ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრეები მუშაობენ სახურავის ზონაში დარჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 125-მდე მეხანძრე იყო ჩართული. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სომერსეტ ჰაუსის დირექტორი ჯონათან რიკი აცხადებს, რომ შენობის იმ ნაწილში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხელოვნების ღირებული ნამუშევრები განთავსებული არ ყოფილა.

სომერსეტ ჰაუსი, რომელიც ხელოვნების კომპლექსს წარმოადგენს, ტემზაზე, ვატერლოოს ხიდთან მდებარეობს.

ხანძრის შედეგად გაჩენილი ძლიერი კვამლის გამო ლონდონის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდა, სომერსეტ ჰაუსის მიმდებარე რაიონში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და ფანჯრები და კარები დაკეტონ.

სომერსეტ ჰაუსის ტერიტორიაზე განთავსებულია კურტოს გალერეა – ხელოვნების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა ვინსენტ ვან-გოგის ავტოპორტრეტი, სადაც მხატვარს ყური აქვს შეხვეული. გალერეაში ასევე წარმოდგენილია ედუარ მანეს, კლოდ მონეს და პოლ სეზანის ნამუშევრები.